უახლოესი დღეების განმავლობაშო რომის “ლაციოს” იტალიის სერია A-ს მატჩებში “ჯენოასთან” (23 სექტემბერს) და “ვერონასთან” (27 სექტემბერს) გამოსვლა შესუსტებული შემადგენლობით მოუწევს. “არწივებს” გერმანელი მიროსლავ კლოზე, ჰოლანდიელი სტეფან დე ვრეი, ანტონიო კანდრევა და არგენტინელი ლუკას ბილია დააკლდება. ამის თაობაზე ინფორმაციას დედაქალაქელთა კლუბის სამედიცინო შტაბი ავრცელებს.
“ანტონიო კანდრევას კიდევ ერთი გამოკვლევა ჩავუტარეთ, რომელმაც გვიჩვენა, რომ მას კოჭი აქვს დაზიანებული, ჰემატომა აღმოვაჩინეთ, მაგრამ სერიოზული არაფერია. კანდრევა ჩემპიონატის 2 უახლოეს მატჩს გამოტოვებს, შემდეგ კი მწყობრში ჩადგება. ახლა ჩვენი უპირველესი ამოცანა ანტონიოს “სენტ ეტიენთან” ჩასატარებელი ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩისთვის სათანადოდ მომზადებაა. სტეფან დე ვრეისა და მიროსლავ კლოზეს რაც შეეხება, მათი დაბრუნება სავარაუდოდ ოქტომბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ მოხდება. ხუთშაბათ დილით ლუკას ბილიას ტრავმის სირთულეს გამოვიკვლევთ და დანამდვილებით გვეცოდინება, შეძლებს თუ არა არგენტინელი მომავალ კვირას “ვერონას” წინააღმდეგ თამაშს”, - ამბობს “ლაციალეს” სამედიცინო შტაბის შეფი სტეფანო სალვატორი.
სერია-A-ს 4 ტურის შემდეგ “ლაციოს” 2-2 მოგება-წაგება აქვს. ამასთან, რომაელები წაგებულ შეხვედრებში დიდი ანგარიშით (“კიევოსთან” 0:4, “ნაპოლისთან” 0:5) დამარცხდნენ.