ფეხბურთი

8:32 | 22.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსს” 3 კვირით მანჯუკიჩი დააკლდება

სერია A-ში წარუმატებელი სტარტის შემდეგ აპენინელთა მოქმედმა ჩემპიონმა ტურინის “იუვენტუსმა” ბოლო მატჩები წარმატებით ჩაატარა. ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშების ფინალისტმა მანჩესტერში “სიტის” მოუგო, შემდეგ კი საშინაო ასპარეზზეც მოიპოვა პირველი გამარჯვება – გასვლაზე “ჯენოას” 2:0 სძლია.

“ბიანკონერი” წარმატებული სვლის გაგრძელებას უახლოეს მატჩებშიც შეეცდება. მასიმილიანო ალეგრი გუნდს იტალიის ჩემპიონატში “ფროსინონესა” და “ნაპოლისთან” მოუწევს ძალის მოსინჯვა, 30 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სასტარტო საშინაო პაექრობას გამართავს ანდალუსიის “სევილიასთან”. ამ მატჩებში “ბებერ სინიორას” ხორვატი ფორვარდის მარიო მანჯუკიჩის გარეშე მოუწევს ფონს გასვლა. საქმე ისაა, რომ ბალკანელმა სერია A-ს ბოლო ტურში, საგარეო მატჩში “ჯენოასთან” დაპირისპირებისას თეძოს ტრავმა მიიღო და როგორც გუნდის ექიმები ირწმუნებიან, მანჯუკიჩს მინიმუმ ოცდღიანი სამკურნალო-აღდგენითი პერიოდი დასჭირდება.

“იუვე” უახლოესი პრინციპული შეხვედრებისთვის ემზადება, მანჯუკიჩის მსგავსად კი გუნდის საწვრთნელ პროცესში ჯერჯერობით მონაწილეობას ვერც ესპანელი ფორვარდი ალვარო მორატა იღებს. დასტაქართა ვარაუდით, ალვარო “ნაპოლის” და “სევილიას” წინააღმდეგ ითამაშებს, “ფროსინონესთან” საასპარეზოდ მისი მინდორზე გასვლა კი სათუოა.

0.12734