“მანჩესტერ იუნაიტედმა” ბოლო 2 საპრემიერლიგო მატჩი მოიგო და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე მყოფ თანაქალაქელ “სიტის” ორად-ორი ქულითღა ჩამორჩება. მეექვსე ტურში “წითელმა ეშმაკებმა” გასვლაზე სამხრეთულ “საუთჰემპტონს” 3:2 სძლიეს, რამაც ოლდ ტრაფორდელთა ჰოლანდიელი დამრიგებელი ლუის ვან გაალი კარგ ხასიათზე დააყენა.
“ჯერჯერობით გუნდი კვლავინდებურად ჩამოყალიბების სტადიაშია, თუმცა, ჩემპიონობისთვის მაინც ვიბრძოლებთ”, - განაცხადა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა და თავისიანთაგან განსაკუთრებით ფრანგი ახალწვეული ანტონი მარსიალი შეაქო: “ანტონი მშვენივრად ჩაეწერა ჩვენ ანსამბლში. 3 მატჩში 3 გატანილი გოლი ამის დადასტურებაა. როდესაც ფრანგი გუნდში აკლიმატიზაციას სრულად გაივლის, კიდევ უფრო მძლავრად ათამაშდება. მარსიალს საფეხბურთო ტალანტი არ აკლია, მოტივირებული და მონდომებულია, ასე რომ, არჩევანში არ შევმცდარვართ”.