ალბანეთის საფეხბურთო სუპერლიგაში ბაჩანა ცხადაძემ პირველი გოლი გაიტანა. მე-4 ტურში, ვლორეს “ფლამურტარიმ” შკოდერის “ვლაჟნია” მიიღო და 2:0 გაიმარჯვა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა ბაჩანა ცხადაძემ მეტოქის კარი 42-ე წუთზე აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. საქართველოს ეროვნული გუნდის ფორვარდი 77-ე წუთზე შეცვალეს. მარცხენა მცველმა გიორგი ფოფხაძემ “ფლამურტარიში” ორი ტაიმი ითამაშა. ვლორელებს 4 ქულა აქვს და 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზე იმყოფებიან.
გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის მე-7 ტურში, “დუისბურგმა” თავის მოედანზე “ფრანკფურტთან” 0:1 წააგო. მცველი ლაშა დვალი დუისბურგელთა თადარიგში იჯდა, მაგრამ არ უთამაშია. “დუისბურგი” 2 ქულით ბოლო ადგილზეა.
სომხეთის პრემიერლიგაში ბესიკ ჩიმაკაძემ თავი პირველად გამოიჩინა. “ულისმა” “ბანანცს” უმასპინძლა და დაპირისპირება 2:2 დასრულდა. შეცვლაზე შესულმა ქართველმა თავდამსხმელმა 90-ე წუთზე მასპინძლები 2:0 დააწინაურა, მაგრამ დარჩენილ დროში “ულისმა” ორი გოლი გაუშვა. ჩიმაკაძის თანაგუნდელმა მცველმა გიორგი კაჭკაჭიშვილმა ორი ტაიმი ითამაშა. “ულისი” ერთი ქულით 8 გუნდში ბოლოა.
“განძასარმა” შინ “არარატი” 1:0 დაამარცხა. მასპინძლებში ფორვარდმა გიორგი გოგატიშვილმა მოედანზე ორი ტაიმი დაჰყო. “განძასარი” 14 ქულით მეორეა.
“მიკამ” შინაურ კედლებში “პიუნიკს” 1:0 სძლია და ქართველი ნახევარმცველი ირაკლი კვეკვესკირი გამარჯვებულთა 18 კაცში არ ფიგურირებდა.