კალათბურთი

9:44 | 21.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

გასოლი ჩოსიჩს გაუტოლდა და რიოს ოლიმპიადის მედალს უმიზნებს

ესპანელთა საკალათბურთო ნაკრების ვარსკვლავი პაუ გასოლი მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი, 2009 წლის კონტინენტის პირველობის დარად კი წლეულსაც ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. ასე და ამგვარად, 35 წლის პაუ იუგოსლავიის ნაკრების ლეგენდარული ხორვატი ცენტრის კრეშიმირ ჩოსიჩის შემდეგ მეორე კალათბურთელი გახდა, რომელიც ორჯერ სცნეს ევროპირველობის უძლიერეს მოთამაშედ.

1980 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ჩოსიჩი 1971 და 1975 წლების კონტინენტის პირველობებზე გახლდათ საუკეთესო კალათბურთელი.

წლევანდელ ევროპირველობაზე პაუ გასოლი საშუალოდ 30 წუთს თამაშობდა და მისი ასევე საშუალო სტატისტიკური მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება: 25.6 ქულა, 8.8 მოხსნა, 2.9 შედეგიანი გადაცემა, 2.3 დაფარება, 0.3 ჩაჭრა.

“ევროპის ჩემპიონატის მესამედ მოგების შემდეგ ენით აუწერელი სიხარულის გრძნობა დამეუფლა. ტიტული ბრწყინვალე გუნდური თამაშის წყალობით მოვიპოვეთ. ეს წარმატება ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია”, - პაუს Marca ციტირებს.

ევრო2015-ის გმირი Sportando-ს კორესპონდენტსაც მოკლედ გაესაუბრა და სამომავლო გეგმა-ოცნებაც გაუმხილა: “აუცილებლად ვითამაშებ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე და ყოველმხრივ შევეცდები ბრაზილიიდან სამშობლოში უმედლოდ არ დავბრუნდე”.

თეგებიპაუ გასოლი
0.125419