ჩოგბურთი

9:02 | 21.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბრიტანელთა შოტლანდიელი გმირი

მსოფლიო რეიტინგსიის მესამე ნომერი ენდი მარეი დევისის თასზე დიდი ბრიტანეთის ნაკრების ლოკომოტივია და შოტლანდიელმა კუნძულელები დევისის თასის ფინალში გაიყვანა. დიდი ბრიტანეთის ნაკრები ამ მეტად პრესტიჟული შეჯიბრების გადამწყვეტ მატჩში 1978 წლიდან მოყოლებული პირველად იასპარეზებს.

ნახევარფინალში ბრიტანელები ავსტრალიის ეროვნული გუნდს შეხვდნენ და 3:2 დაამარცხეს. ევროპელთაგან სამივე ქულა მარეის ანგარიშზეა. ენდიმ ერთეულთა ორივე შეხვედრა მოიგო, წყვილებში კი ძმასთან, ჯეიმისთან ტანდემში იმარჯვა. მესამე გადამწყვეტი ქულა მარეიმ ბრიტანეთს ავსტრალიელი ბერნარდ ტომიჩის 7:5, 6:3, 6:2 დამარცხებით მოუპოვა.

შეგახსენებთ, დევისის თასის მეოთხედფინალში დიდმა ბრიტანეთმა საფრანგეთს ასევე 3:2 სძლია და სამფეროვნებთან დაპირისპირების დროსაც კუნძულელებს 3 ქულა მარეიმ მოუტანა.

“როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად მეტად რთული უიკ ენდი მქონდა. უდიდეს წარმატებას მივაღწიეთ, რომლითაც ნაკრების ყველა წევრმა უნდა იამაყოს. ზურგის ტკივილი მოსვენებას არ მაძლევდა, თუმცა, მხოლოდ თამაშსა და მოგებაზე ვფიქრობდი”, - ენდის ეს სიტყვები დევისის თასის ოფიციალურ ვებგვერდს მოჰყავს.

დევისის თასის ფინალში ერთმანეთს დიდი ბრიტანეთისა და ბელგიის ნაკრებები შეხვდებიან. მეორე ნახევარფინალში ბელგიელებმა არგენტინას დაძაბულ ორთაბრძოლაში 3:2 მოუგეს. წყვილთა მატჩის შემდეგ წინ სამხრეთამერიკელები იყვნენ, მაგრამ დასკვნით დღეს ბენილუქსელებმა ერთეულთა ორივე შეხვედრა მოიგეს.

დევისის თასის ფინალი ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ჩატარდება.

თეგებიენდი მარეი
0.120869