ჰოლანდიის ერედივიზიონში ზედიზედ მესამე მატჩია მოედანს უგოლოდ არ ტოვებს არნემის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია. ქართველმა მცველმა ამჯერად “გრააფსხაპის” კარი მე-6 წუთზე წუთზე აიღო (VIDEO) და სეზონში მესამე გოლი შეაგდო. კაშიას არც მისი თანაგუნდელი ვალერი ყაზაიშვილი ჩამორჩა, რომელმაც 21-ე წუთზე სხვაობა ორამდე გაზარდა. მთლიანად შეხვედრა კი არნემელებმა 3:0 მოიგეს. კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ყაზაიშვილი მინდორზე 57-ე წუთამდე იმყოფებოდა. “ვიტესი” 6 ტურის შემდეგ 10 ქულით მეშვიდე ადგილზეა.
რუსეთის პრემიერლიგის მორიგ ტურში “მორდოვიამ”, რომლის კარსაც ნუკრი რევიშვილი იცავს, შინ მოსკოვის ცსკა მიიღო და არასაფეხბურთო ანგარიშით, 4:6 წააგო. მასპინძლებმა მე-15 წუთისთვის სამი გოლი გაიტანეს და ტაიმიც ამ ანგარიშით მოიგეს, მაგრამ მეორე ნახევარში ცსკამ ნუკრის კარში ერთბაშად 6 გოლი გაიტანა. რევიშვილმა მოედანზე ტრადიციულად 90 წუთი გაატარა. “მორდოვიას” კი 9 თამაშში 7 ქულა აქვს და მე-12-ეა.
უკრაინის პრემიერლიგის მე-8 ტურში “ოლექსანდრიამ” ლვოვის “კარპატს” 4:1 აჯობა. მასპინძელთა შორის სათადარიგო სკამიდან არ წამომდგარა დავით თარგამაძე, ხოლო სტუმართაგან ბუბა დაუშვილი თამაშში 41-ე წუთზე ჩაერთო, უკრაინის მოქალაქე ამბროსი ჩაჩუამ კი საწყისი 45 წუთი ითამაშა. “ოლექსანდრიას” 8 ქულით მე-9 ადგილი უკავია, ხოლო “კარპატი” 10 ქულით მე-7 პოზიციაზეა.
ლუცკის “ვოლინმა” კიევის “დინამოსთან” სახლში 0:2 წააგო. ლუცკელთა ქართველი წევრი სანდრო კობახიძე სამატჩო განაცხადში ვერ მოხვდა, რადგან ტრავმირებულია. “ვოლინს” 14 ქულა აქვს და მე-5-ეა.
გოლით გამოიჩინა თავი ჯაბა ლიპარტიამ, რომლის “ზორიამ” “დნიპრო” მისსავე მოედანზე 3:0 გაანადგურა. ჯაბა მინდორზე 65-ე წუთზე გამოჩნდა და 20 წუთში მატჩს წერტილი დაუსვა. მის გუნდს კი 15 ქულა გააჩნია და მესამე ადგილზეა.