ფეხბურთი

9:40 | 20.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნავასის მიღწევა და მწვრთნელთა სხვადასხვა რაკურსი

მიმდინარე პრიმერა დივიზიონის სტარტზე მადრიდის “რეალმა” მიჯრით მეოთხე შეხვედრაში მოახერხა საკუთარი კარის უვნებლად დაცვა (“გრანადას” 1:0 სძლია), კასტილიელთა კოსტა რიკელმა მეკარემ კეილორ ნავასმა კი “ბლანკოსის” უწინდელი გოლკიპერის მიგელ ანხელის მიღწევა გაიმეორა – ლა ლიგის საწყის 4 პაექრობაში ბურთი არ გაუშვა.

ნავასი “სანტიაგო ბერნაბეუზე” შარშან ზაფხულს მივიდა. წინა სეზონში მან მხოლოდ 6 საპრიმერე მატჩი ჩაატარა, ცოტა ხნის წინ კი “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლასთან იყო ახლოს. “მადრიდიდან წასვლაზე არასდროს მიფიქრია. იმედია, ტრავმიანობის პერიოდი უკან მოვიტოვე და “რეალის” კარს დიდი ხნის განმავლობაში დავიცავ”, - განაცხადა Marca-სთან საუბრისას კეილორმა.

“იოლ შეხვედრას არ ველოდით, მეტოქედ ხომ კარგად ორგანიზებული გუნდი გვყავდა. სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი გოლი გავიტანეთ, არადა, მოწინააღმდეგის კარს მინიმუმ 20-ჯერ შევუტიეთ სახიფათოდ. დაცვაში კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო, ამასთან შეტევათა ეფექტურობაც მოსამატებელია. მთლიანობაში კი გარანადელებთან მოგებას ვიმსახურებდით”, - მადრიდელთა მთავარი მწვრთნელის რაფა ბენიტესის მატჩისშემდგომი შეფასება “რეალის” ოფიციალურ ვებგვერდს მოჰყავს.

Pasión Libertadores “გრანადას” დამრიგებელ ხოსე რამონ სანდოვალს გაესაუბრა და თუკი მადრიდელთა თავკაცს მოგება კანონზომიერ შედეგად მიაჩნია, სტუმართა მთავარ მწვრთნელის აზრით, მის გუნდს მინიმუმ ქულა უნდა აეღო: “ჩემმა ბიჭებმა მაყურებელს ბრწყინვალე ფეხბურთი უჩვენეს. მსაჯების შეცდომები რომ არა და ფორტუნაც ჩვენ მხარეს რომ ყოფილიყო, “სანტიაგო ბერნაბეუზე” მინიმუმ ქულას ავიღებდით. გოლი წესის დაცვით გავიტანეთ და არბიტრებმა ოფსაიდი მოიგონეს. მატჩის წინ “რეალმა” ფეარ პლეის პრინციპი დაარღვია, როდესაც გულშემატკივრებს კითხვით მიმართა, რამდენ გოლს გაგვიტანდა მათი საყვარელი გუნდი. კი ბატონო, შარშან “სანტიაგო ბერნაბეუზე” 1:9 წავაგეთ, მაგრამ ყოველ წუთს ამის შეხსენება არაეთიკურია”.

1.762984