რაგბი

22:42 | 19.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბრწყინვალენი!

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბისა და ყველა იმ მორაგბის გარჯა, რომლებიც მილტონ ჰეიგმა ამ მსოფლიო თასისთვის ჯერ კიდევ გაფართოებულ შემადგენლობაში შეარჩია, ერთი სიტყვით დახასიათების შემთხვევაში სწორედ ასე უნდა შეფასდეს.

დიახ, იმ ბიჭებმა, რომლებიც გაფართოებულ შემადგენლობაში იყვნენ, მაგრამ 31-კაციან განაცხადს მიღმა დარჩნენ, გაზარდეს კონკურენცია და შედეგად, რაღა თქმა უნდა სამწვრთნელო შტაბის მუშაობის შედეგად, მივიღეთ საუკეთესოდ მომზადებული ნაკრები. ამ მომზადებული გუნდიდან 15, მოედანზე სასტარტო შემადგენლობაში იყო და სხვებმა “ბორჯღალოსნების” თამაში სათადარიგოთა სკამიდან გააძლიერეს, ის კი, რაც მათ ტონგასთან 80 წუთის განმავლობაში გააკეთეს, იყო ის, რასაც ქართველი ერი მთელი 4 წლის განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ელოდა.

მსოფლიოში ბევრმა ეს გამარჯვება სენსაციად მონათლა, მაგრამ ქართველებისთვის, ვფიქრობ, ეს სულაც არაა სენსაცია და ერთადერთი, დანარჩენ მსოფლიოს იმაში თუ დავეთანხმებით, ეს 2015 წლის მსოფლიო თასის პირველი მოულოდნელობაა. და კიდევ ერთხელ - ეს მოულოდნელობა შედეგია იმ დაუღალავი შრომისა და მოთმინებისა, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირმა და სამწვრთნელო შტაბმა გაწია. ესაა შედეგი იმ ექსპერიმენტებისა, რომლის შედეგადაც “ბორჯღალოსნებმა” ამ პერიოდში რამდენიმე თამაში წააგეს, მათ შორის ცოტა ხნის წინ კანადასთან და იაპონიასთან, მაგრამ განა შეედერება ყველა მათგანი ერთად აღებული იმ სიხარულს, რომლებიც ნაკრების თითეულმა წევრმა გლოსთერიდან გვაჩუქა?

მაშინ გულშემატკივართა მხრიდან ბევრი ითქვა, რომ კანადასა და იაპონიასთან არწასაგები თამაშებით, “ბორჯღალოსნებმა” 2,8 სარეიტინგო ქულა და სახელი დაკარგეს. მაგრამ ამ თამაშებში დამუშავებულმა კომბინაციებმა და ექსპერიმენტებმა, უკვე მსოფლიო თასზე, ყველას წინაშე, ბევრად უფრო აგვამაღლა და რეიტინგშიც საქართველოს ნაკრებმა 3,866 სარეიტინგო ქულა ჩაიწერა. ამრიგად, თუ დღეს საფრანგეთმა და ხვალ აშშ-მ თავიანთი თამაშები ვერ მოიგეს, რისი ალბათობაც ძალიან დიდია, ორშაბათს “ბორჯღალოსნები” მსოფლიო რეიტინგში მე-13 ადგილზე დაბრუნდებიან და ეს იმიტომ, რომ იაპონიამ სამხრეთ აფრიკა დაამარცხა!

ამ შედეგის შემდეგ უმთავრესი მაინც ისაა, რომ საქართველოს ნაკრებმა წინა მსოფლიო თასებისგან განსხვავებით ნაბიჯით წინ წაიწია და პირველი თამაში უკვე მოიგო, აუცილებლად მოსაგები თამაში ნამიბიასთან კი, ჯერაც წინაა, ხოლო მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე მესამე ადგილის დაკავება, 2019 წლის მსოფლიო თასის საგზურს ავტომატურად იძლევა. ეს უკვე დიდი მიღწევაა და მსოფლიო რაგბის გადანაწილებას თავდაყურა აყენებს, მაგრამ არ იქნება უდროო, თუ ვიტყვით, რომ 25 სექტემბერს არგენტინასთან გველის შეხვედრა და ტონგასთან გამომცხვარმა სენსაციამ ეგებ იმის ენერგიაც მოგვცეს, რომ...

უშუალოდ თამაშს და ტონგას 17:10 დამარცხებას რაც შეეხება, საქართველოს ნაკრებმა საოცარი ორგანიზებულობა გამოავლინა, განსაკუთრებით დაცვაში და მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკა ტონგელთა უპირატესობაზე მეტყველებს, “ბორჯღალოსნებმა” მეტოქე დამსახურებულად დაამარცხეს. ბურთის ფლობა, ტერიტორია, მეტოქის იყო, თუმცა, ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეზე 4-ჯერ მეტი, 213 ბოჭვა შეასრულეს, თავისი სალელოვე შანსები გამოიყენეს, თავი გმირულად დაიცვეს და დაამარცხეს მეტოქე, რომელიც ინგლისში ჯგუფიდან გასვლის ამბიციით ჩავიდა.

თამაშის საუკეთესო მოთამაშედ დამსახურებულად აღიარეს მამუკა გორგოძე, საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ნამდვილილიდერი, რომელიც დაუღალავი იყო დაცვაშიც და შეტევაში, შეასრულა 27 ბოჭვა და ინდივიდუალური თამაშის ხარჯზე, გაიტანა საქართველოს ნაკრების პირველი ლელო. მაგრამ საუკეთესოები იყვნენ სხვებიც - გიორგი თხილაიშვილი, რომელმაც აკეთა საოცარი ბოჭვები და გაიტანა მეორე, “ბრილიანტის” ლელო; ვასილ ლობჟანიძე, 18 წლის ბიჭი, რომელიც გახდა მსოფლიო თასის ისტორიებში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე; მერაბ კვირიკაშვილი, რომელსაც ორი ასპროცენტიანი დარტყმა გაუფუჭდა, მაგრამ შექმნა მეორე ლელო და ამითი შეცდომა გამოასწორა; მთელი პირველი ხაზი და შერკინება, უკანა ხაზი, რომელიც არცერთი წამით არ მოდუნდა და ტონგელებს არ მისცა მათი უპირატესობის გამოყენების საშუალება.

მატჩის დებიუტი ტონგელების იყო, რომელბმაც ქართველთა შეცდომების ხარჯზე სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს და მე-9 წუთზე კურტ მორატიმ ჯარიმით ანგარიში გახსნა. კვირიკაშვილი ვალდებული იყო დაახლოებით 22 მეტრიდან წონასწორობა აღედგინა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა, მაგრამ მე-20 წუთზე მისი დარტყმა უკვე ზუსტი იყო. ამასობაში გამოიკვეთა ქართველთა პლიუსები - დერეფანი და შერკინება, ასევე ორგანიზებულობა და საოცარი დისციპლინა. მერე “ბორჯღალოსნებმა” თავად შეუტიეს, გორგოძემ მეტოქის ლელოდან 6-7 მეტრში წარმოქმნილი რაქიდან თავი აწია, სიტუაცია სწორედ შეაფასა და ჩვეულ სტილში მოულოდნელად შეუტია. მცველი მას წაეპოტინა, მაგრამ მიზანდასახულ კაპიტანს აბა რაღა შეაჩერებდა და ძელებსშუა გასულ ლელოს კვირიკაშვილის გარდასახვა მოყვა.

ტაიმის ბოლოს საქართველოს ნაკრების დაცვა ერთგვარად მოდუნდა და ტონგამ ლელო გაიტანა, თუმცა ვიდეორეფერიმ დააფიქსირა, რომ ლელომდე წინპასი იყო და ტაიმი 10:3 დასრულდა.

მეორე ტაიმის საწყისი 20 წუთი საქართველოს ნაკრებმა საუკეთესოდ ჩაატარა, მეტოქე თავის ნახევარზე გამოკეტა და მართალია კვირიკაშვილს კიდევ ერთი გასატანი ჯარიმა გაუცუდდა, მაგრამ ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა გიორგი თხილაიშვილმა ლელოში ასახა და ამჯერად კვირიკაშვილმა რთული პოზიციიდან გარდასახვაც უნაკლოდ შეასრულა. თანაც ლელო მისი შეტევის შედეგად გავიდა: ფეხით გადაკიდებული ბურთი თაზო მჭედლიძის ნადავლი გახდა და მანაც კვირიკაშვილს გააყოლა, რომელიც ფლანგზე გასხლტა და საკუთარი ნახევრიდან მეტოქის 22-ში შევიდა, იერიში გიორგი ნემსაძემ გააგრძელა და იქვე შებოჭეს, მერე მარცხნივ მამუკა გორგოძემ დაარტყა და რაქიდან ბურთი თითქოს უხეიროდ გავარდა, თუმცა ის თხილაიშვილმა აიტაცა, მბოჭავი იქვე ჩამოიცილა, მეორე პასის ცრუმოძრაობაზე “წამოიკიდა” და ლელოსკენ ისე გაქანდა, რომ ზურგზე შემხტარი მბოჭავიც თან შეიყოლა - 17:3.

ამის შემდეგ დაიწყო უხანგრძლივესი 20 წუთი, როდესაც ქართველმა მორაგბეებმა საოცარი თავდადებით წითელ ზოლში შეაკავეს მეტოქის მიძალებები. 72-ე წუთზე ტონგამ მაინც შეძლო ერთი ლელოს გაქვითა და სამწუხაროდ, რთული პოზიციიდან გარდასახვაც ზუსტი იყო. ამას ისიც დაემატა, რომ რეფერიმ დამახსოვრებული ჯარიმა არ გვაპატია და კვირიკაშვილი სინბინში გაუშვა. კაცნაკლულმა ქართველებმა ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს და ლაშა მალაღურაძეს ის 3 ქულად რომ ექცია, ბოლო წუთების ნერვიულობა მნიშვნელოვნად შემცირდება. დარტყმა არაზუსტი იყო, თუმცა “ბორჯღალოსნებმა” დარჩენილი 3 წუთი გაძლეს და მთელს ქვეყანას, ერს, კიდევ ერთი უზომო სიხარული მიუძღვნეს!

მატჩის შემდეგ მილტონ ჰეიგმა განაცხადა, რომ ამ ტურნირზე ეს საქართველოს ნაკრების მაქსიმუმი სულაც არაა: “ესაა იმ ოთხწლიანი მუშაობის შედეგი, რაც მთელმა გუნდმა გაწია. კონკრეტულად ამ თამაშზე ოწი წელია ვფიქრობთ, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ამ ჯგუფში ვითამაშებდით და ვიცოდით, რომ გვქონდა შანსი საქართველოს რაგბის ისტორიის შექმნისა. ჩვენ ეს თამაში აუცილებლად უნდა მოგვეგო. ახლა ამ გამარჯვებით ვზეიმობთ, წინ კი, ჯგუფში კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი”.

“ვფიქრობ, ეს იყო საქართველოს ნაკრების საუკეთესო გამარჯვება მისი არსებობის ისტორიაში, რადგან ჩვენ ახალგაზრდა გუნდი ვართ. შესაძლოა, ჩვენს გუნდში თამაშობენ ცნობილი მორაგბეები, რომლებიც ძლიერ კლუბებში თამაშობენ, მაგრამ მსგავსი გამარჯვებისთვის აქამდე არ მიგვიღწევია. არ ვთვლი, რომ დღეს მე ვინმეზე მეტი ვიყავი. დიახ, მე ვარ ამ გუნდის კაპიტანი, მაგრამ მთელმა გუნდმა ერთიანად იშრომა ამ წარმატებისთვის. ჩვენ ერთმანეთის ძმები და მეგობრები ვართ” - თქვა გუნდის კაპიტანმა და მატჩის საუკეთესო მორაგბე მამუკა გორგოძემ.

2015 წლის მსოფლიო თასი. გ ჯგუფი

გლოსთერი. “ქინგსჰოლმ სთედიუმი”.

საქართველო - ტონგა 17:10 (10:3)

ტონგა: 15. ვუნგაკოტო ლილო, 14. ტელუსა ვეაინუ, 13. ბილიამ ჰელუ, 12. სიალე პიატაუ, 11. ფეტუჰუ ვაინიკოლო, 10. კურტ მორატი, 9. სონატანე ტაკულუა; 1. ტევიტა მაილაუ, 2. ელვის ტაიონე, 3. ჰალანი აულიკა, 4. ტუკულუა ლოკოტუი, 5. სიტივენი მაფი, 6. სიონე კალამაფონი, 7. ნილი ლატუ, 8. ვილიამი მაჰაფუ.

სათადარიგოები: 16. პოლ ნგაუამო, 17. სონა ტაუმალოლო, 18. სილა პუაფისი, 19. ჰეილ თი პოული, 20. ჯეკ რემი, 21. სამისონი ფისილაუ, 22. ლატიუმე ფოსიტა, 23. სიონე პიუკალა.

1 ლელო: ვაინიკოლო

1 გარდასახვა: მორატი

1 ჯარიმა: მორატი

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. გიორგი აფციაური, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე (21. გიორგი ბეგაძე 79); 1. მიხეილ ნარიაშვილი (17. კარლენ ასიეშვილი 61), 2. ჯაბა ბრეგვაძე (16. შალვა მამუკაშვილი 61), 3. დავით ზირაქაშვილი (18. ლევან ჩილაჩავა 61), 4. კოტე მიქაუტაძე (19. ლევან დათუნაშვილი 64), 5. გიორგი ნემსაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი (20. შალვა სუთიაშვილი 66), 7. ვიტო კოლელიშვილი, 8. მამუკა გორგოძე.

არ შესულან: 22. გიორგი ფრუიძე, 23. მურაზ გიორგაძე.

2 ლელო: გორგოძე, თხილაიშვილი

2 გარდასახვა: კვირიკაშვილი

1 ჯარიმა: კვირიკაშვილი

1 სინბინი: კვირიკაშვილი

0.235325