ფეხბურთი

11:47 | 19.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოქრიაშვილს მცირე დრო მისცეს, ამისულაშვილს არ უთამაშია

ბელგიის იუპილერ ლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-8 ტურში, “გენკმა” “მეხელენს” უმასპინძლა და 3:1 გაიმარჯვა.

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი მასპინძელთა რიგებში შეცვლაზე მხოლოდ 81-ე წუთზე შევიდა. გენკელთა კიდევ ერთი ქართველი შუახაზელი ლუკა ზარანდია მენისკის ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას გადის. “გენკს” 14 ქულა აქვს და 16 გუნდში მესამეა.

ბელგიის მეორე დივიზიონში (პირველი ლიგა) “ტუბიცემ” თავის მოედანზე “ლომელს” 2:0 აჯობა. გამარჯვებულებში 19 წლის ქართველ ნახევარმცველ ლევან შენგელიას არ უთამაშია. “ტუბიცე” 17-გუნდიან ჩემპიონატს 14 ქულით ლიდერობს.

თურქეთის პირველი ლიგის მე-5 ტურში, “ქარშიაქა” სახლში “ტრაბზონ 1461”-თან 2:3 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული გუნდის ცენტრალური მცველი ალექსანდრე ამისულაშვილი ქარშიაქელთა 18-კაციან განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. “ქარშიაქა” 5 ქულით 18-გუნდიან პირველი ლიგაში მეთერთმეტეა.

ფინეთის ვეიკაუსლიგაში “კუოპიონ პალასეურამ” გასვლაზე “ილვესთან” 0:1 წააგო. ფორვარდი ირაკლი სირბილაძე დამარცხებულთა შემადგენლობაში 64-ე წუთზე გამოჩნდა. “კუოპიონ პალასეურა” 34 ქულით 12 გუნდში მეშვიდეა.

ესტონეთის მეისტრილიგის 30-ე ტურში, ტალინის “ფლორამ” შინ “ტამეკას” 2:1 აჯობა. შემტევმა ნახევარმცველმა ზაქარია ბეგლარიშვილმა ტალინელებში ორი ტაიმი ითამაშა. “ფლორა” ესტონეთის 10-გუნდიან ჩემპიონატს 69 ქულით ლიდერობს.

ლატვიის ვირშლიგის (უმაღლესი ლიგა) 22-ე ტურში, თამაზ პერტიას მიერ გაწვრთნილმა რიგის “სკონტომ” თავის მოედანზე “ლიეპაიასთან” 1:2 წააგო. მასპინძლებში უკრაინის მოქალაქე ლევან მახარაძეს კვლავ ტრავმის გამო არ უთამაშია. “სკონტო” 33 ქულით 8 გუნდში მეორეა.

0.130425