ქალთაგან განსხვავებით, აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ერთეულთა თანრიგის ფინალში რეიტინგსიის ლიდერებმა გააღწიეს. ისევე, როგორც აწ უკვე შორეულ 2007 წელს, ამერიკის საჩოგბურთო ჩემპიონის ვინაობას შვეიცარელი როჯერ ფედერერისა და სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის ორთაბრძოლა გამოავლენს. 2007-ში როჯერმა ნოვაკს 7:6, 7:6, 6:4 მოუგო.
წლეულს ჯოკოვიჩმაც და ფედერერმაც ნახევარფინალური ბარიერი იოლად გადალახეს. ფინალისკენ მიმავალ გზაზე “ნოლე” აშშ-ის ღია პირველობის მოქმედ ჩემპიონს, ხორვატ მარინ ჩილიჩს შეხვდა და 6:0, 6:1, 6:2 გაანადგურა. სეზონის დასკვნით სადიდსლემო ტურნირის ნახევარფინალში პირველად მოხდა, დამარცხებულმა მინიმუმ 4 გეიმი რომ ვერ მოიგო. ბალკანურ დაპირისპირებაში ჯოკოვიჩის აქტივში 8 ბრეიკი და 3 ეისია.
როჯერ ფედერერს რაც შეეხება, სადიდსლემო ტურნირების 17-გზის ტრიუმფატორმა თანამემამულე სტენ ვავრინკას საათნახევარში 6:4, 6:3, 6:1 სძლია. როჯერის ანგარიშზე 5 ბრეიკი და 10 ეისია.
როჯერ ფედერერი მეშვიდედ გავიდა აშშ-ის ღია პირველობის ფინალში. 2004, 2005, 2006, 2007, 2008 წლებში მან საჩემპიონო ტიტული მოიპოვა, 2009-ში კი არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროსთან წააგო. ჯოკოვიჩს რაც შეეხება, სერბი მეექვსედ ითამაშებს ნიუ იორკში გადამწყვეტ მატჩში. წინა ფინალებიდან ნოვაკმა ერთადერთი მატჩი მოიგო – 2011-ში რაფა ნადალს სძლია.