კალათბურთი

0:22 | 11.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

იგორ კოკოშკოვი: “საწყისი მატჩების შემდეგ, გუნდმა აშკარად მოუმატა”
ველიმირ პერასოვიჩი: “საქართველოსთან მატჩისგან არანაირი პოზიტივი არ დაგვრჩენია”

უდავოა, ამ წუთებში კალათბურთის ქართველ ქომაგთა ყურადღება “ზაგრებ-არენისკენ” არის მიპყრობილი, სადაც საბერძნეთის და ჰოლანდიის მატჩი მიმდინარეობს. ამ შეხვედრით ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფი “დაიხურება” და თუკი გამარჯვება ელადელებს დარჩათ, საქართველოს ეროვნული გუნდის ევრობასკეტის მერვედფინალში გასვლა ოფიციალურად გაფორმდება. შეგახსენებთ, რომ ამ თამაშამდე ქართველმა კალათბურთელებმა მასპინძელ ხორვატიას ბრწყინვალე სტილში – 71:58 სძლიეს და ამ მატჩისშემდგომი კომენტარების გაცნობა უდავოდ საინტერესო უნდა იყოს.

იგორ კოკოშკოვი: “მეტოქეს ფიზიკურად არაფერი დავუთმეთ და ბოლო მეოთხედში აშკარად მათზე თავისუფლად ვთამაშობდით. ჩვენმა ენერგიულმა გარჯამ ხორვატიას დიდი თავსატეხი გაუჩინა. ნამდვილად გახარებული ვარ. საწყისი თამაშების შემდეგ, გუნდმა აშკარად მოუმატა და რაც მთავარია, დაცვაში საჭირო სამუშაოს ვასრულებთ”.

დუდა სანაძე: “უაღრესად კმაყოფილები ვართ. შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი ძალების ვირწმუნეთ და ეს, შედეგებზეც აისახა. ძალიან გვინდა, რომ ჯგუფის ბოლო მატჩი საჩვენოდ დასრულდეს და მერვედფინალში გავიდეთ”.

ზაზა ფაჩულია: „დღეს მოედანზე მოსაგებად ვიყავით გასულები. მარცხიანი სტარტის შემდეგ, მაკედონიასთან მოგებამ დიდი საქმე გაგვიკეთა, რადგანაც გუნდში უკვე სულ სხვა ფსიქოლოგიური მდგომარეობა იყო. დავამტკიცეთ, რომ როდესაც სწორად ვთამაშობთ, საქართველოს ნაკრებს ძლიერი მეტოქეების დამარცხება ძალუძს. ნამდვილად დასანანი იქნება, თუკი ასეთი ასპარეზობის შემდეგ, საქართველოს ნაკრები პლეი-ოფს მიღმა დარჩება“.

თორნიკე შენგელია: „ძალიან მოტივირებულად დავიწყეთ და მართალია, პირველ ტაიმში ცოტა გაგვიჭირდა, მეორეში ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ წავიდა. მჯერა, საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის საგზურს მოიპოვებს“.

მანუჩარ მარკოიშვილი: „მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. მაკედონიასთან მატჩისას მიღებული დადებითი ემოციები დღესაც გადმოგვყვა და ნაკრებმა კვლავ დამაჯერებლად ითამაშა. ამოსავალი წერტილი კვლავაც დაცვაში თამაში იყო. როდესაც ისეთი ძლიერი გუნდისგან, როგორც ხორვატიაა, მხოლოდ 58 ქულას იღებ, ნამდვილად შეგიძლია იამაყო. იმედია, ახლა, ჰოლანდია წააგებს და ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დასრულდება“.

ჯეიკობ პულენი: „დაცვაში ჩინებულმა თამაშმა შესაბამისი შედეგი მოიტანა. თავს კარგად ვიცავდით, რაც შეტევაში სწრაფად გადასვლის საშუალებას გვაძლევდა. ამის წყალობით, არაერთი მნიშვნელოვანი ქულა ავიღეთ“.

ველიმირ პერასოვიჩი: „ბოლო მეოთხედში საკუთარ თავს არ ვგავდით. შემიძლია ვთქვა, რომ ასე უნიათოდ მთელი ზაფხულის განმავლობაში არ გვითამაშია. მატჩიდან არავითარი პოზიტივი არ დაგვრჩენია. როდესაც შეხვედრის განმავლობაში ერთადერთ ჩაჭრას განახორციელებ, ძნელია, წარმატებაზე იფიქრო“.

კრუნოსლავ სიმონი: “ის ფაქტი, რომ მატჩს სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, თავის გამართლების უფლებას არ გვაძლევს. მატჩი მძიმედ დავიწყეთ და ბოლომდე ასე გაგრძელდა. შეტევაში ძალიან სუსტები ვიყავით, საქართველომ კი ნამდვილად კარგად ითამაშა. იმედია, პლეი-ოფში სულ სხვა ხორვატია წარსდგება”.

დათო მანჯავიძე სპეციალურად worldsport.ge-სთვის ზაგრებიდან

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.105851