ხორვატიის და საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მატჩში მე-4 მეოთხედის სტარტიდან ორ წუთზე ოდნავ მეტი იყო გასული, როდესაც ბოიან ბოგდანოვიჩმა 2 საჯარიმო გამოიყენა და მასპინძლები 51:49 დააწინაურა. სწორედ ამის შემდეგ მოხდა ის, რაც ქართული კალათბურთის ქომაგთ დიდი ხანი ემახსოვრებათ. იგორ კოკოშკოვის შეგირდებმა დაახლოებით ექვსწუთიანი მონაკვეთი 18:0 (!) მოიგეს და ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს მისსავე მოედანზე მტკივნეული მარცხი აგემეს – 71:58. მოედნიდან გამავალ ხორვატ კალათბურთელებს 6 ათასზე მეტმა ქომაგმა სტვენა და უსიამოვნო შეძახილები გააყოლა, ასამდე ქართველი გულშემატკივარი კი სრულ ექსტაზში იყო. მათ ხომ ტრიბუნებზე მასპინძელთა ფანებს არაფერი დაუთმეს, მოედანზე კი, საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი უმთავრესი სენსაცია მოახდინა.
შესაძლოა იმაზე საუბარიც, რომ ხორვატებს გასულ მატჩში მოტივაცია არ გააჩნდათ (ისე, იგივე, ქართველებსაც შეუძლიათ თქვან), თუმცა, მატჩისშემდგომი კომენტარებიდანაც სჩანდა, რომ მოედანზე წასაგებად ნამდვილად არ გასულან. მასპინძელთა ერთ-ერთმა საუკეთესო კალათბურთელმა კრუნოსლავ სიმონმა ხაზი სწორედ ამ ფაქტს გაუსვა, შინ ვთამაშობთ, ჩვენს გასამხნევებლად ათასობით ქომაგი დადის და მათი გაწბილების უფლება არ გვქონდაო.
თუმცა, ხორვატებმა თავისი იდარდონ, ჩვენ კი, საქართველოს ნაკრების საოცარ ტრანსფორმაციას ხაზი აუცილებლად უნდა გავუსვათ. ევრობასკეტ-2015-ის სტარტზე განცდილი 3 მარცხის შემდეგ, ნამდვილად ძნელი სავარაუდო იყო, რომ ქართველი კალათბურთელები ასეთი დონის თამაშის ჩვენებას მოახერხებდნენ. ოპტიმიზმის პირველი ნიშნები საბერძნეთთან მაღალ დონეზე ჩატარებულ მე-2 ტაიმში გამოჩნდა, მაკედონიასთან გუნდი სასურველ დონეს მიუახლოვდა, ხორვატიასთან კი მოედანზე ის ნაკრები ვიხილეთ, რომელიც პლეი-ოფში ასპარეზობას აუცილებლად იმსახურებს.
წინა მატჩების მსგავსად, საქართველოს ნაკრებმა გაცილებით უკეთ მე-2 ტაიმში ითამაშა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, დაცვაში ბიჭები პირველ ნახევარშიც ყოჩაღად იდგნენ, შესვენების შემდეგ კი, შეტევაშიც ხელ-ფეხი გაეხსნათ და ხორვატებს შანსი აღარ დაუტოვეს.
როგორც აღვნიშნეთ, გადამწყვეტი გარღვევა ბოლო მეოთხედში მოხდა, როდესაც კოკოშკოვის შეგირდებმა მეტოქეს დაღლა შეატყვეს, ტემპს უმატეს და ანგარიშმაც ჩვენს სასიკეთოდ იქცა ზრდა. ამ დროს შეუდარებელი იყო დუდა სანაძე, რომელმაც ზედიზედ 9 ქულა ჩააგდო, სულ კი, მოედანზე გატარებულ 14:30 წუთში 12 ქულა მიითვალა.
რაც ყველაზე საინტერესოა, დუდა ერთ-ერთი გახლდათ იმ 6 (!) კალათბურთელიდან, რომელთაც საქართველოს ნაკრებში 10 და მეტი ქულა ჩააგდეს. დაგვეთანხმებით, ეს, ჩვენი გუნდისთვის ნამდვილად იშვიათი შემთხვევაა, რაც მატჩის შემდეგ მანუჩარ მარკოიშვილმა განსაკუთრებული კმაყოფილებით აღნიშნა.
მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა, რომ მანუც (10 ქულა) თავგამოჩენილთა ექვსეულში იყო, მის გარდა კი, შედეგიანობით ზაზა ფაჩულია (12), ვიქტორ სანიკიძე (12), თორნიკე შენგელია (11) და ჯეიკობ პულენიც (10) გამოირჩნენ.
სასიხარულოა, რომ ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა უკანახაზელმა ამჯერად სარგებლიანად ითამაშა და ძალიან საჭირო ქულები მიითვალა. 11 ქულას 6 მოხსნა და 5 პასი წაამატა შენგელიამ, რომელიც “ლაბორალ კუჩაში” თავისი მომავალი მწვრთნელის ველიმირ პერასოვიჩის წინააღმდეგ თამაშობდა და უდავოა, რომ ხორვატთა ნაკრების დამრიგებელზე დადებით შთაბეჭდილებას მოახდენდა.
აუცილებლად უნდა გამოვარჩიოთ ვიქტორ სანიკიძის თამაშიც, რომელმაც საწყისი მატჩები ძალიან “მძიმედ” დაიწყო, ხორვატიასთან კი ძველი ვიკა გაგვახსენა. კოკოშკოვმა სანიკიძე ყველაზე მეტხანს (34:31) დატვირთა და ქართველი ფორვარდისგან შესაბამისი სარგებელიც მიიღო. ვიქტორმა თამაშიდან ერთადერთხელ ააცილა და 12 ქულის გარდა, სხვა სტატისტიკური მაჩვენებლებიც სოლიდური ჰქონდა:L5 მოხსნა, 4 პასი, 4 დაფარება. გასაკვირი არ ყოფილა, რომ ვიკას მოედანზე ყოფნის პერიოდში, საქართველოს ნაკრებმა მეტოქეზე 19 ქულით მეტი ჩააგდო და ეს, ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.
სტატისტიკური კუთხით, გასახარი სხვაც გვქონდა. მაგალითად, ჩვენებმა მეტოქეს ჩაჭრებში 5:1 აჯობეს, დაფარებებში – 9:3, შეცდომები კი ხორვატებზე ნაკლები გვქონდა – 13:17. ქართველმა კალათბურთელებმა მეტოქის შეცდომებიდან ერთბაშად 23 ქულა აიღეს (ხორვატიამ – 9), სწრაფ გარღვევებში აღებულ ქულებშიც უპირატესობა გვქონდა – 10:6 და მართალია, ჩვენმა სათადარიგოებმა ხორვატებზე 10 ქულით ნაკლები აიღეს, სამარქაფოების 24 ქულა მაინც გასახარი ამბავი უნდა იყოს.
ცხადია, გამარჯვების საფუძველი ის გახლდათ, რომ ქართველი კალათბურთელები მასპინძლებზე გაცილებით უკეთესი პროცენტული მაჩვენებლებით უტევდნენ. საქართველოს ნაკრებმა 34-დან 20 ორქულიანი (59%) და 19-დან 7 სამქულიანი (37%) გამოიყენა, ხორვატებს კი დასაკვეხნი არაფერი ჰქონდათ: 39-დან 17 ორქულიანი (44%) და 23-დან მხოლოდ 4 სამქულიანი (17%). განსაკუთრებულად უიღბლო დღე ბოგდანოვიჩს ჰქონდა, რომელმაც თამაშიდან 10-დან ერთადერთი ტყორცნა ჩააგდო, თუმცა, დიდად არც სხვებს გაუბრწყინიათ (თუ არ ჩავთვლით ლუკა ზორიჩს, რომელმაც 16 ქულა მიითვალა).
ახლა, ქართველი ქომაგის მთელი ყურადღება C ჯგუფის საღამოს მატჩისკენ არის მიპყრობილი, რომელშიც საბერძნეთი ჰოლანდიას ეთამაშება. რა შეხსენება გჭირდებათ და გავა თუ არა საქართველოს ნაკრები მერვედფინალში, სწორედ ამ შეხვედრაზეა დამოკიდებული. თუკი ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში “ნარინჯისფრებმა” ხმაურიანი სენსაცია არ მოახდინეს და ევრობასკეტის ერთ-ერთი ფავორიტი არ დაამარცხეს, მერვედფინალის საგზურს ჩვენი გუნდი მოიპოვებს. ამ შემთხვევაში, საქართველო, მაკედონია და ჰოლანდია ჯგუფურ ეტაპს თითო მოგებით დაასრულებენ, ურთიერთშეხვედრებში ბურთების უკეთესი სხვაობა კი იგორ კოკოშკოვის ნაკრებს ექნება. იმედი ვიქონიოთ, რომ თვითმფრინავში, რომელიც გვიან ღამით ზაგრებიდან ლილისკენ (საპლეიოფო მატჩები სრულად ამ ფრანგულ ქალაქში ჩატარდება) აიღებს გეზს, ქართული დელეგაციაც იქნება.
საქართველო – ხორვატია 71:58 (14:13, 11:15, 22:16, 24:14)
დათო მანჯავიძე სპეციალურად worldsport.ge-სთვის ზაგრებიდან