საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები “ზაგრებ-არენაში” იმყოფება და ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩის ჩასატარებლად ემზადება. ქართველ კალათბურთელთა მეტოქე ხორვატიის ეროვნული გუნდია და ისე გამოვიდა, რომ სატურნირო თვალსაზრისით, ამ თამაშს არანაირი მნიშვნელობა აღარ გააჩნია.
საქმე ის გახლავთ, რომ C ჯგუფის მასპინძლები მე-2 ადგილს ვეღარაფრით ასცდებიან და არც მე-3 პოზიციაზე ჩამოქვეითდებიან. მარტივადაა საქართველოს საქმეც. ხორვატიას რომც მოვუგოთ, მე-4 საფეხურზე მაღლა ვერ ავალთ და ნებისმიერ შემთხვევაში, საბერძნეთ-ჰოლანდის შეხვედრაზე ვიქნებით დამოკიდებული. თუკი ღამით “ნარინჯისფრებმა” სენსაცია მოახდინეს, ჩვენს ნაკრებს გზას ყველა ვარიანტში გადაუღობავენ.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ მოახლოებულ მატჩში კალათბურთელები ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე ითამაშებენ, რაც სანახაობრივ მხარეს აუცილებლად აამაღლებს. ცხადია, ქართველი კალათბურთელები იმის დამტკიცებასაც ეცდებიან, რომ მაკედონიასთან დამაჯერებლად ჩატარებული მატჩი ერთეული გამონათება არ გახლდათ და გუნდს სტაბილურად მაღალ დონეზე ასპარეზობა შეუძლია.
ცნობისთვის, საქართველოს და ხორვატიის ნაკრებები ერთმანეთს ერთადერთხელ შეხვედრიან და ეს შერკინება კარგად უნდა გახსოვდეთ. 2013 წელს სლოვენიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გუნდები ასევე C ჯგუფში იყვნენ და ხორვატებმა გამარჯვება ხელიდან სულ ბოლოსღა გამოგვგლიჯეს. საფინალო სირენამდე 9 წამი რჩებოდა, როდესაც ანტე ტომიჩმა ორქულიანი ჩააგდო და საქართველო 76:77 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ იმ შემადგენლობიდან ხორვატებს 8 კალათბურთელი (ტომიჩი, დრეიპერი, ბოგდანოვიჩი, სარიჩი, რუდეზი, უკიჩი, სიმონი, ზორიჩი) ჰყავთ შემორჩენილი, ქართველებს კი – 9 (მეტრეველი, სანაძე, ბურჯანაძე, ცინცაძე, შერმადინი, მარკოიშვილი, ფაცაცია, სანიკიძე, ლეჟავა).
შეგახსენებთ, რომ საქართველოს და ხორვატიის რიგით მე-2 დაპირისპირება თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ჩვენი ნაკრების სასტარტო ხუთეული უცვლელია: ზაზა ფაჩულია, თორნიკე შენგელია, მანუჩარ მარკოიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, გიორგი ცინცაძე.
დათო მანჯავიძე სპეციალურად worldsport.ge-სთვის ზაგრებიდან