ფეხბურთი

8:58 | 10.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

განხეთქილება “მანჩესტერში”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელები მათი ჰოლანდიელი მთავარი მწვრთნელის ლუის ვან გაალის სამწვრთნელო მეთოდებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ამის თაობაზე ინფორმაციას The Times ავრცელებს.

ავტორიტეტული გამოცემის ცნობით, ოლდ ტრაფორდელთა რამდენიმე წამყვანმა მოთამაშემ გუნდის შეკრებაზე ბენილუქსელ სპეციალისტს საკუთარი თვალსაზრისი გააცნო და ვან გაალის წვრთნები, ფეხბურთელებთან ურთიერთობა გადაჭარბებულად მკაცრია და მანკუნიანელთა წევრები სხვაგვარ მიდგომას ითხოვენ.

კონკრეტულად ფეხბურთელებს ჰოლანდიელის ვარჯიშები ნაკლებეფექტურად მიაჩნიათ და სწორედ ამით ხსნიან “იუნაიტედის” არადამაჯერებელ, ცუდ სტარტს. ამავე გამოცემის ინფორმაციით, ვან გაალმა მოთამაშეთა შენიშვნებს არ დაეთანხმა და მათ პირდაპირ განუცხადა – საკუთარ საფეხბურთო კონცეფციას და წვრთნების მეთოდიკას არ შევცვლიო.

შეგახსენებთ, მიმდინარე პრემიერლიგის სტარტზე “წითელმა ეშმაკებმა” პირველი 2 მატჩი ერთნაირი ანგარიშით 1:0 მოიგეს, მესამე ტურში “ოლდ ტრაფორდზე” “ნიუკასლს” 0:0 დაუზავდნენ, შემდეგ კი უელსში იქაურ “სუონსისთან” 1:2 დამარცხდნენ.

უახლოეს დღეებში “მანჩესტერ იუნაიტედს” 2 მნიშვნელოვანი შეხვედრა ელის. 12 სექტემბერს საპრემიერლიგო მატჩში ოლდ ტრაფორდელები ტრადიციულად პრინციპულ ოპონენტს, “ლივერპულს” დაუხვდებიან, 15-ში კი ჩემპიონთა ლიგაში აიღებენ სტარტს – ეინდჰოვენში პსვ-ს დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112894