“ბედნიერი ვარ და საქმე მხოლოდ გამარჯვებაში არაა. ბოლოსდაბოლოს, საქართველოს ნაკრებმა ითამაშა ის თამაში, რომელსაც წესით უნდა თამაშობდეს. გუნდმა საოცარი ერთიანობა აჩვენა. არც მახსენდება, ასე ორგანიზებულად გავრჯილიყავით. ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანი მოგება იყო”, - ეს სიტყვები მანუჩარ მარკოიშვილმა მაკედონიასთან ბრწყინვალე სტილში მოპოვებული გამარჯვების (90:75) შემდეგ გააკეთა და იმ სიხარულს, რაც ქართველებში ტრიალებდა, სრულად ასახავს.
არადა, მძიმედ დაწყებული ევრობასკეტის შემდეგ, ყველა მიმართულებით მღელვარება შეინიშნებოდა. ცხადია, მოვლენათა არასასიამოვნო განვითარებას ყველაზე მეტად ნაკრების წევრები განიცდიდნენ, შეშფოთება არც ქომაგებსა და ჟურნალისტებს აკლდათ. აუცილებელი იყო, რაღაც გარღვევა მომხდარიყო, რაც მაკედონიასთან შეხვედრაში მოხდა. საქართველოს ნაკრებმა, მეტოქე რომელთანაც ხუთქულიანი გამარჯვება სჭირდებოდა, 15 ქულით დაამარცხა, ერთ ეპიზოდში კი სხვაობამ 21 ქულას უწია.
მატჩის შეფასებისას, ძნელია, მარკოიშვილს არ დაეთანხმო. ქართველმა კალათბურთელებმა აჩვენეს ის დაბალანსებული თამაში, რომლის გარეშეც ასეთ დონეზე წარმატების მიღწევა შეუძლებელია. ამჯერად, შექება ეკუთვნის სამწვრთნელო შტაბსაც, რომელმაც პერიმეტრზე ძალიან სახიფათოდ მოასპარეზე მეტოქეს შესაბამისი ტაქტიკა დაუპირისპირა. დაცვა ძალიან ხისტი იყო და კალათბურთელები ერთმანეთს კარგად აზღევდნენ, შეტევაში კი, ჩვენი გუნდი იმდენად აგრესიული იყო, რომ თამაშის შემდეგ, ვლადო ილიევსკიმ ალალად განაცხადა: „მათ ჩვენ დაგვშალეს“.
საქართველოს ნაკრები რომ ძალიან მოტივირებული იყო, პირველივე წუთებზე გამოჩნდა. დასაწყისშივე ფაჩულიას იდაყვიდან სისხლი წასკდა. კაპიტანი გიორგი შერმადინმა შეცვალა და მალევე 2 ქულა მიითვალა. ცხადია, ამ დროს გიორგის მიერ თამაშამდე ნათქვამი სიტყვები გაგვახსენდა, „გპირდებით, მაკედონიასთან 100%-ით დავიხარჯებითო“. მოედანზე სწორედ ეს განწყობა იყო.
ქართველი კალათბურთელები აღებულ კურსს განუხრელად მიუყვებოდნენ და მართალია, მეტოქემ ჯერ 13-ქულიანი, შემდეგ კი, 15-ქულიანი სხვაობა „დაქაჩა“, კოკოშკოვის შეგირდებმა ძალები მე-3 სპურტისთვისაც მონახეს, რაც უკვე გადამყვეტი აღმოჩნდა.
ამ თამაშში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამხელა მნიშვნელობა აქვს გუნდში ლიდერების ყოლას. ზაზა ფაჩულიამ, რომელსაც წინა მატჩებში სასურველი სტატისტიკა ნამდვილად არ ჰქონია, საოცრად იბრძოლა და აქ საქმე მხოლოდ ციფრებში არაა. ზაზამ ფარქვეშ უდიდესი სამუშაო გასწია, შეტევაში კი, მის შეჩერებას ვერავინ ახერხებდა. ქართველმა ცენტრმა ოპონენტებს – პრედრაგ სამარძისკის და რიჩარდ ჰენდრიქსს 4-4 პერსონალური ფოლი აჰკიდა, 12-დან 8 ორქულიანი და 11-დან 7 საჯარიმო ჩააგდო და 23 ქულას 14 მოხსნა წაამატა.
შეუდარებელი იყო მანუჩარ მარკოიშვილი, რომლის მოედანზე ყოფნის პერიოდშიც საქართველოს ნაკრებმა მეტოქეზე 28 (!) ქულით მეტი ჩააგდო. მანუმ 6-დან 4 სამქულიანი გამოიყენა, თამაშიდან მხოლოდ 2-ჯერ ააცილა და გუნდს 18 ქულა შეაშველა. მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო თამაში (12 ქულა, 6 პასი) ჰქონდა გიორგი ცინცაძეს, თორნიკე შენგელიას დამაჯერებელი გარჯა კი, ტრადიციად იქცა. თოკომ, რომელიც მატჩის შემდეგ, კოკოშკოვმა ამ ევრობასკეტის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა, 15 ქულა მიითვალა.
გასაკვირი არ ყოფილა, რომ ამ ფონზე მაკედონიელთა ლიდერები მოედანზე აღარც სჩანდნენ. იგივე ვლადო ილიევსკიმ და ვოიდან სტოიანოვსკიმ მხოლოდ ოთხ-ოთხი ქულა ჩააგდეს, ამ უკანასკნელმა კი, ტრავმაც მიიღო და მეტოქე ფსიქოლოგიურად გატყდა. მაკედონიელთა მთავარმა მწვრთნელმა მარიან სრბინოვსკიმ აღიარა, რომ ნაკრები გადამწყვეტი თამაშის ჩასატარებლად მზად არ აღმოჩნდა. სხვათა შორის, ამ უკანასკნელს ქომაგებთან საკმაოდ უსიამოვნო საუბარი ჰქონდა. ჯერ კიდევ თამაშისას, ფანებმა სრბინოვსკი კარგად „შეამკეს“ და ერთ-ერთ მათგანს, მწვრთნელი ტრიბუნაზეც „გაექაჩა“.
მაკედონიელები თამაშის შემდეგ ძალიან დათრგუნულები იყვნენ და დასკვნითი ტურის წინ, ესეც ჩვენს წისქვილზე უნდა ასხამდეს წყალს. შეგახსენებთ, რომ C ჯგუფში 10 სექტემბრის პირველი მატჩი სლოვენია-მაკედონია გახლავთ და თუკი, სრბინოვსკის შეგირდებმა ეს თამაში დათმეს, საქართველოს გზას პლეი-ოფისკენ გაუხსნიან (ცხადია, ხვალვე, ჰოლანდიამ საბერძნეთთან უნდა წააგოს). რაც შეეხება საქართველოს, ჩვენს გუნდს თამაში თბილისის დროით 20:00 საათზე მასპინძელ ხორვატიასთან უწევს და უდავოა, რომ დღევანდელი ამაღლებული განწყობა ხვალისთვისაც გადაჰყვება.
მაკედონია – საქართველო 75:90 (18:21, 19:27, 18:23, 20:19)
მაკედონია: ილიევსი 4, ბრჩკოვი, კოსტოსკი 12, ვ.სტოიანოვსკი 4, დ.სტოიანოვსკი 14, სიმონოვსკი 6, ტრაიკოვსკი 13, გუროსკი 3, ჰენდრიქსი 14 ქ, 7მ, სამარძინსი 5.
საქართველო: ცინცაძე 12 ქ, 6 პ, მარკოიშვილი 18, სანიკიძე 4 ქ, 6 მ, შენგელია 15, ფაჩულია 23 ქ, 14 მ, პულენი 6 ქ, 3 პ, შერმადინი 6, სანაძე 6, ბურჯანაძე.
დათო მანჯავიძე სპეციალურად worldsport.ge-სთვის ზაგრებიდან