კალათბურთი

15:08 | 9.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარიან სრბინოვსკი: “ნუ მოგატყუებთ ის ფაქტი, რომ ქართველებმა სამივე მატჩი წააგეს”
“სლოვენიას ნუ მიხსენებთ! პლეი-ოფის საგზური საქართველოსთან უნდა მოვიპოვოთ”

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების დღევანდელ მეტოქე მაკედონიას 2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავს ჩამოყვანილი, თუმცა, სუსტი წერტილები მასაც გააჩნია. იგივე ხორვატიასთან შეხვედრაში, მარიან სრბინოვსკის შეგირდებმა პირველ ტაიმში იმარჯვეს, მეორეში კი მასპინძლებმა მათ ტაქტიკას გასაღები მოუძებნეს.

არ გაჭრა მაკედონიელთა ნაცადმა ხერხმაც. მართალია, სრბინოვსკის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საშუალოდ ყველაზე მეტ სამქულიანს (11) აგდებს, თუმცა, ხორვატებთან ეს ფაქტორიც არაფერში გამოადგა. მაკედონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და კალათბურთელებმა ჯერ სწორედ გასული შეხვედრა შეაფასეს, შემდეგ კი, საქართველოსთან პრინციპულ თამაშზეც ისაუბრეს.

მარიან სრბინოვსკი: “ხორვატიასთან მარცხი, ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის ძალიან დასანანი გახლდათ. პირველ ტაიმში მეტოქეს თანაბრად ვეთამაშეთ და შესვენებაზე ლიდერის რანგშიც კი გავედით, შემდეგ კი, საქმე ცუდად წაგვივიდა. ისე გამოვიდა, რომ ხორვატიამ ჩვენი შეტევების მიმდინარეობა გაშიფრა და მონაგარის შევსებაც ძალიან გაგვიჭირდა.

დიდი სურვილი გვქონდა, მე-2 გამარჯვებაც მიგვეთვალა, თუმცა, როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ყველაფერი საქართველოსთან შეხვედრაში გადაწყდება. ეს, ჩვენი უმთავრესი შანსია. შეიძლება აღნიშნოთ, რომ მიზნის მიღწევა ბოლო ტურშიც შეგვეძლება, თუმცა, გთხოვთ, სლოვენიასთან მატჩს ნუ მიხსენებთ. პლეი-ოფის საგზური სწორედ საქართველოს ნაკრებთან თამაშში უნდა მოვიპოვოთ. ამ საქმის უკანასკნელ შეხვედრამდე გადადება არ შეიძლება

ერთსაც ვიტყვი. ის ფაქტი, რომ საქართველომ ზაგრებში ყველა თამაში წააგო, შეცდომაში ნურავის შეიყვანს. ჩვენ ამ გუნდის ძალა კარგად ვიცით. ზაზა ფაჩულიას ნბა-ში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, ევროლიგაში კი მათ არაერთ კალათბურთელს უასპარეზია. ამიტომ, ძალიან დიდი ბრძოლა იქნება. ჩვენს კოზირად დაცვაში საიმედო თამაში უნდა გახდეს. ისე გარჯაა საჭირო, როგორც – ჰოლანდიასთან და ხორვატიასთან, პირველ ტაიმში”.

დამიან სტოიანოვსკი: “ხორვატიასთან საწყისი ნახევრის შემდეგ, ძალიან იმედიანად ვიყავით განწყობილნი. ნამდვილად არ ველოდი, რომ საბოლოოდ, 18-ქულიანი სხვაობით წავაგებდით... ჯგუფში საინტერესო ვითარებაა შექმნილი. საქართველოს ნაკრებს ყველა მატჩი წაგებული აქვს, თუმცა, თუკი ჩვენთან სასურველი ანგარიშით იმარჯვებს, პლეი-ოფში გასვლის შანსი ექნება. ძალიან სახიფათო მეტოქე გვყავს და თამაშიც ისეთი იქნება, მაქსიმალურ ყურადღებას რომ მოითხოვს. ყველას კარგად გვაქვს გათავისებული, რომ ქართველებთან გამარჯვება ლილის საგზურს მოგვიტანს. 40 წუთი მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო, ისეთი “ჩავარდნა”, რაც ხორვატიასთან მე-2 ტაიმში დაგვემართა, აღარ უნდა განმეორდეს”.

პრედრაგ სამარძისკი: “ხორვატიასთან მატჩი ასე იოლად არ უნდა დაგვეთმო. მე-2 ტაიმში მეტოქემ აგრესიულად თამაში დაიწყო და მსაჯებიც მცირე ფიზიკურ კონტაქტს ყურადღებას არ აქცევდნენ, თუმცა, ეს, თავის მართლების საშუალებას არ გვაძლევს. ჩვენც ხისტად უნდა გვეთამაშა. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნაკრებთან მატჩშიც ასე იქნება. მათ არაფერი უნდა დავუთმოთ. მცირეოდენ გადაღლილი მეტოქეც იქნება, თანაც, ისინი უარეს მდგომარეობაში არიან, რადგანაც გონებაში არა მხოლოდ გამარჯვებაზე, არამედ, სასურველ სხვაობაზე უნდა იფიქრონ. ეს არ ნიშნავს, რომ მაკედონია მცირე ანგარიშით წაგებაზე თანახმა იქნება. ჩვენ მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ”.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ევრობასკეტის C ჯგუფში ტრადიციულად 3 მატჩი გაიმართება. თბილისის დროით 17:00 საათზე “ზაგრებ-არენაზე” საბერძნეთის და სლოვენიის უაღრესად საინტერესო დაპირისპირება გახლავთ დაგეგმილი, 20:00 საათზე საქართველო და მაკედონია ითამაშებენ, 23:00 საათზე კი, მასპინძელი ხორვატია ჰოლანდიას გაეჯიბრება.

გუნდების საშუალო მაჩვენებლები

მაკედონია - საქართველო

66.0 ქულები 69.3

41.5% (13.0/31.3) ორქულიანები 49.1% (18.3/37.3)

38.4% (11.0/28.7) სამქულიანები 32.8% (6.3/19.3)

67.7% (7.0/10.3) საჯარიმოები 80.4% (13.7/17.0)

9.0 მოხსნა შეტევაში 7.7

21.0 მოხსნა დაცვაში 20.0

30.0 მოხსნა სულ 27.7

15.0 პასი 17.3

12.7 დაკარგვა 14.7

3.0 ჩაჭრა 6.0

2.7 დაფარება 2.3

22.0 პერსონალური ფოლი 22.7

დათო მანჯავიძე სპეციალურად worldsport.ge-სთვის ზაგრებიდან

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.130053