ფეხბურთი

12:32 | 9.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ დე ხეა: “ვიმედოვნებ, მალე “მანჩესტერ იუნაიტედის” კარის დაცვასაც მანდობენ”

ევრო2016-ის საკვალიფიკაციო შეხვედრაში მაკედონიასთან გასვლაზე ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ “ფურია როხას” კარის დაცვა დავიდ დე ხეას მიანდო და მანაც მატჩი “მშრალზე” ჩაატარა – პირენელებმა ბალკანელ ოპონენტს 1:0 სძლიეს.

“თავს მშვენივრად ვგრძნობ. იმედია, ნაკრების შემდეგ მდგომარეობა კლუბშიც გამიუმჯობესდება. ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანი გახლდათ მხარდაჭერა, რომელიც ჩვენი ნაკრების დამრიგებლისგან ვიგრძენი. ამასთან ბრწყინვალე სანაკრებო პარტნიორები მყავს. მათთან ერთად მინდორზე გასვლა დიდი სიამოვნება და ამავდროულად პატივია. “ფურია როხას” სასტარტო შემადგენლობაში დავბრუნდი, ვიმედოვნებ, მალე “მანჩესტერ იუნაიტედის” კარის დაცვასაც მანდობენ”, - განაცხადა დე ხეამ მაკედონიასთან ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, გასულ ზაფხულს 24 წლის მეკარე მადრიდის “რეალში” გადასვლასთან ახლოს იყო, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სათანადო საბუთების გამზადება ვერ მოესწრო. ტრანსფრი ჩაშლაში მადრიდელები და მანჩესტერელები ერთმანეთს სდებდნენ ბრალს, გუშინ კი ამ თემას ესპანეთის ლა ლიგის პრეზიდენტი ტებასიც გამოეხმაურა და ჟურნალისტებს აუწყა, მომხდარის ახსნაში მადრიდელთა არგუმენტები უფრო ფონადად მიმაჩნიაო.

ერთი სიტყვით, დე ხეა კვლავინდებურად “მანჩესტერ იუნაიტედის” წევრია და დავიდის ოლდ ტრაფორდელებთან ხელმოწერილ ხელშეკრულებას ვადა მომავალი წლის მაისის ბოლოს ეწურება.

0.114333