ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ესპანეთმა მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მძიმე გამარჯვება მოიპოვა 1:0 და კონტინენტის მომავალ პირველობაზე გამოსვლა პრაქტიკულად გაინაღდა. მომდევნო ტურში “ფურია როხა” აუტსაიდერ ლუქსემბურგს უმასპინძლებს, მოგების შემთხვევაში საფრანგეთის სტადიონებზე თამაშის უფლებას დაიბევებს და საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩს უკრაინასთან ფორმალობად აქცევს.
მაკედონიასთან შეხვედრას რაც შეეხება, პირენელებმა ხუან მატას ერთადერთი გოლით იმარჯვეს, თუმცა, გულშემატკივრებისგან, ჟურნალისტებისა და სპეციალისტებისგან პოზიტიური შეფასება ვერ დაიმსახურეს.
“შესაძლებლობების მინიმუმიღა თუ გამოვავლინეთ. ჩვენი თამაში ესპანეთის ნაკრების დონეს არ შეეფერებოდა და ბევრ საასპარეზო კომპონენტში პრობლემები გვქონდა. შესაძლოა, საქმე ცალკეულ მოთამაშეთაგან მოტივაციის არქონაში იყოს. გოლის გატანის შემდეგ გუნდი პრაქტიკულად დადგა. საპირისპირო, საბრძოლო განწყობაზე იყვნენ მაკედონელები. ისინი ფრიად მოტივირებულები ჩანდნენ და ბევრიც გვანერვიულეს. მთავარია, მოვიგეთ და ყოველმხრივ შევეცდებით მომავალ მატჩებში უკეთ ვითამაშოთ”, - “ფურია როხას” ასპარეზობის ხარისხით უკმაყოფილო ესპანელთა თავკაცი ვისენტე დელ ბოსკეც იყო.