სენსაციური შედეგი აღინიშნა შვედეთისა და ავსტრიის ნაკრებთა მატჩში. ავსტრიელებმა სკანდინავიაში 4:1 იმარჯვეს, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საგზური ვადაზე ადრე გაიფორმეს, ამასთან შვედების ეროვნულ გუნდს საკუთარ მინდორზე ბოლო 57 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი განაცდევინეს. ბოლოს შვედებმა საშინაო არენაზე დიდი ანგარიშით 1958 წლის მსოფლიო პირველობის ფინალში, ბრაზილიასთან 2:5 დათმეს.
“ვთვლი, რომ პირველ ტაიმში ურიგოდ არ გამოვსულვართ. ცხადია, გაშვებულმა გოლმა ჩვენ თამაშს დაღი დაასვა, მაგრამ შოკს თავი დავაღწიეთ, ასპარეზობა გავაუმჯობესეთ და ამ დროს მეორე ბურთი გავუშვით. პირველ ნახევარში 2 შეცდომა დავუშვით, რაც ასეთი დონის შეხვედრებში დაუშვებელია. ერთი კვირის განმავლობაში 2 მარცხი ვიწვნიეთ,” რაც მძიმე ასატანია, მაგრამ მომავალს მაინც ოპტიმისტურად ვუმზერთ. შანსის გამოყენებას ბოლომდე ვეცდებით”, - განაცხადა ნამატჩევს შვედების მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ჰამრენმა.
სკანდინაველთაგან განსხვავებით საპირისპირო განწყობა სუფევდა ავსტრიელთა ბანაკში. საკუთარი ემოცია ჟურნალისტებს მიუნხენის “ბაიერნის” მცველმა დავიდ ალაბამ გაუმხილა: “ოცნება რეალობად ვაქციეთ. ერთ მუშტად შეკრეული კოლექტივი გვყავს, რაც ამოცანის გადაჭრას გვიიოლებს. საფრანგეთის ქალაქებში ჩასატარებელ ტურნირამდე კიდევ უფრო მოვუმატებთ და ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით გამოსვლის იმედი გვაქვს”.