კალათბურთი

0:40 | 9.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

იგორ კოკოშკოვი: “მე-2 ტაიმის მაღალ დონეზე თამაში ფსიქოლოგიური კუთხით უმნიშვნელოვანესი იყო”
კოსტას კაიმაკოღლუ: “მაკედონიასთან მატჩში საქართველოს ნაკრებს ვუქომაგებ”

საქართველოს და საბერძნეთის მატჩის შემდეგ, რომელიც ჩვენი მეტოქის 11-ქულიანი უპირატესობით დასრულდა, მხარეების კომენტარების მოსმენაც უაღრესად საინტერესო გახლდათ. თამაში სრულიად განსხვავებული 2 ტაიმისგან შედგებოდა, რაზეც ყურადღება თითქმის ყველამ გაამახვილა.

იგორ კოკოშკოვი: “პირველ ტაიმში არათანაბარი ბრძოლა იყო. შეიძლება ითქვას, რომ საწყის წუთების შემდეგ, მოედანზე მხოლოდ საბერძნეთი სჩანდა. სამწუხაროდ, პერიმეტრის გაკონტროლება ვერ მოვახერხეთ. მეტოქეები თავისუფალ პოზიციაზე ხშირად რჩებოდნენ და გასაკვირი არაა, რომ შანსს იყენებდნენ. კარგი ისაა, რომ შესვენების მერე, საქართველოს ნაკრები გამოცოცხლდა და აჩვენა, რომ მაღალ დონეზე თამაში შეუძლია. ეს ფსიქოლოგიური კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ: გუნდმა ირწმუნა, რომ ძლიერ მეტოქეებთან ბრძოლა შესაძლებელია. აღნიშნული მაკედონიასთან გადამწყვეტი მატჩის წინ უნდა გამოგვადგეს. იმედი მაქვს, მომდევნო თამაშში ყველა კალათბურთელი თავის მაქსიმუმს აჩვენებს”.

გიორგი შერმადინი: “ბერძნებს ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავთ და ჩემი აზრით, ოქროს მედლების ერთ-ერთი რეალური კანდიდატები იქნებიან. ზედიზედ მე-3 მატჩის წაგება ძალიან ცუდი იყო, თუმცა, დასამალი რაა, მთელი ფიქრებით მაინც მაკედონიასთან თამაშზე ვიყავით. იმედია, ეს ცუდი ფსიქოლოგიური ფონი, რომელიც მარცხიანი სტარტის გამო შეიქმნა, ხვალისთვის გადაივლის. უკვე გასახდელშიც ვისაუბრეთ, რომ მომავალ მატჩში მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. პირადად მე ყველას გპირდებით, რომ 100%-ით დავიხარჯები. შანსი არის და მისი გამოყენება აუცილებელია”.

კოსტას კუფოსი: “საქართველოს ნაკრებს შექება ნამდვილად ეკუთვნის. დიდი ჩამორჩენის შემდეგ, მათ მობილიზება მოახერხეს და თამაშში დაბრუნდნენ. ზაზა ფაჩულიას ძალა კარგად ვიცი. მეტოქეს სხვა ძლიერი კალათბურთელებიც ჰყავს და ეს, გასაკვირი არ ყოფილა. მართალი გითხრათ, იოლ ბრძოლას არც ველოდი. უბრალოდ, მატჩი ისე წავიდა, რომ გადამწყვეტი უპირატესობა პირველივე ტაიმის შემდეგ მოვიპოვეთ”.

კოსტას კაიმაკოღლუ: “პირველ ტაიმში დაცვაში ჩვენმა აქტიურმა თამაშმა შედეგი გამოიღო და ქართველებს ძალიან გაუჭირდათ. ცხადია, რომ მე-2 ნახევარზე დამშვიდებულები გამოვედით და ეს, შეცდომა გამოდგა. მინდა, ქართველი კალათბურთელები შევაქო. მათ შესვენების შემდეგ ძალიან კარგად ითამაშეს. საერთოდაც, ვთვლი, რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფში ბოლო ადგილზე ყოფნას არ იმსახურებს. მართალია, სამივე გასული მატჩი წააგეთ, თუმცა, ვიქტორ სანიკიძემ მითხრა, რომ თუკი მაკედონიას მინიმუმ 5 ქულით მოუგებთ, დიდი ალბათობით, შემდეგ ეტაპზე გახვალთ. მინდა, ამ საქმეში წარმატება გისურვოთ. ხვალ თქვენ გიქომაგებთ”.

დათო მანჯავიძე სპეციალურად worldsport.ge-სთვის ზაგრებიდან

0.124892