საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტ-2015-ზე ზედიზედ მე-3 მარცხი განიცადა და ამჯერადაც ორგვარი შთაბეჭდილება დატოვა. უდავო ფავორიტად მიჩნეულ საბერძნეთის ეროვნულ გუნდთან გუნდმა კატასტროფული პირველი ტაიმი (ალბათ, თავის ისტორიაში ერთ-ერთი უცუდესი) ჩაატარა და 28 ქულით განადგურდა, მეორეში კი ვარსკვლავურ მეტოქეს ერთბაშად 17 ქულა “ამოუქაჩა” და ანგარიშს შედარებით რესპექტაბელური სახე მისცა – 68:79. შედეგი ალბათ გეცნობათ. იგორ კოკოშკოვის შეგირდებმა სლოვენიასთანაც იდენტური ანგარიშით წააგეს.
როგორც აღვნიშნეთ, საწყის ნახევარში ძალების თანაფარდობა აშკარა განსხვავებული გახლდათ. ნათელია, რომ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად მიჩნეულ საბერძნეთთან წარმატებაზე ფიქრი ძნელი იყო, თუმცა, ის თამაშის ხარისხი, რომელსაც ქართველი კალათბურთელები ელადელებთან მატჩში აჩვენებდნენ, უზარმაზარ კითხვის ნიშანს ტოვებდა.
ევროპის ჩემპიონატის საწყის შეხვედრაში ჰოლანდიასთან მარცხი გარკვეულწილად მოულოდნელობად შეფასდა, ბერძნებთან საწყისი 20 წუთი ნახვის შემდეგ კი, აღნიშნულს სენსაციად ნამდვილად ვეღარ აღიქვამდით. პირველ ტაიმში ინტრიგა მხოლოდ დასაწყისში იყო, როდესაც საქართველოს ნაკრები თორნიკე შენგელიას 4 ქულის, ზაზა ფაჩულიას და ვიქტორ სანიკიძის ზუსტი შეტევების წყალობით, 8:5 დაწინაურდა. ამ დროს ბერძენთა მთავარმა მწვრთნელმა ფოტის კაციკარისმა წუთშესვენება აიღო და ქართველთა რბევაც დაიწყო.
შეუდარებელი ვასილისი სპანულისის წინამძღოლობით, საბერძნეთის ნაკრების შეტევები კიდევ უფრო სახიფათო გახდა, მეტოქემ მარწუხებს დაცვაშიც მოუჭირა და ხუთწუთიანი მონაკვეთი 18:2 (!) მოიგო. ამ დროს ბერძნები თითქმის უშეცდომოდ ისროდნენ და აქცენტი მხოლოდ შორეულ ტყორცნებზე არ გაუკეთებიათ: საშუალო დისტანციიდანაც ბევრი ბურთი ჩააგდეს.
საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ კაციკარისის შეგირდებმა პირველ ტაიმში 61%-იანი სიზუსტით (20 33-დან) ესროლეს. საერთოდაც საოცარი იყო მეტოქის მაჩვენებელი სამქულიანებში (75%, 9 12-დან, თავი განსაკუთრებით ნიკ კალატესმა გამოიჩინა, რომელმაც 5-დან 4 სამქულიანი გამოიყენა), თუმცა, “ყველას ყველაფერი ჩვენთან რომ მისდის”, ამას, კარგა ხანია, შეგუებულები ვართ.
ამ ფონზე ქართველთა 27-დან გამოყენებული 10 სროლა (37%) შთამბეჭდავად ნამდვილად ვერ გამოიყურებოდა. ამასთან, ბერძნები დაცვაში ისე აკურატულად ირჯებოდნენ, რომ სრული ტაიმის განმავლობაში, საქართველოს ნაკრებს 1 (!) ჯარიმაც კი არ უსვრია. ამას დაუმატეთ ერთბაშად 11 დაკარგვა (მხოლოდ გიორგი ცინცაძემ 5 შეცდომა დაუშვა), 12:18 მოხსნებში, 6:16 –პასებში, 1:5 დაფარებებში და ანგარიში – 22:50 (!). მოკლედ, ვნადგურდებოდით და თანაც ისე, რომ ხსნას არსაიდან სჩანდა...
ამ ფონზე, ის, რაც მე-2 ტაიმში მოხდა, სრული მოულოდნელობა იყო. ცხადია, საბერძნეთის ნაკრები მოედანზე გაცილებით მოშვებული გამოვიდა, თუმცა, დამაჯერებელი გარჯა ქართველებსაც არ უნდა დავუკარგოთ. ძნელი დასაჯერებელია, თუმცა, იგორ კოკოშკოვის შეგირდებმა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს მე-3 მეოთხედი 26:11 მოუგეს, რაც დიდი შანსია, ამ ჩემპიონატზე ვერც ვეღარავინ მოახერხოს.
ანგარიშში მაქსიმალური ჩამორჩენა (22:51) სწორედ მე-2 ტაიმის სტარტზე დაფიქსირდა, შემდეგ კი, მოედანზე სულ სხვა საქართველოს ნაკრები ვიხილეთ. ზაზა ფაჩულიას (სამწუხაროდ, კაპიტანმა 8-დან მხოლოდ 2 ტყორცნა გამოიყენა და 5 დაკარგვა ჰქონდა) და თორნიკე შენგელიას ზუსტ შეტევებს ვიქტორ სანიკიძემ მიჯრით 8 ქულა შემატა. ჩინებულად ჩაერთო თამაშში გიორგი შერნადინი (9 ქულა), მეოთხედის მიწურულს მანუჩარ მარკოიშვილმა და ბექა ბურჯანაძემ სამქულიანებიც გაისროლეს და თამაშს გარკვეული ინტრიგა დაუბრუნდა – 48:61.
ბერძენთა მთავარი მწვრთნელი წუთშესვენებების გახარჯვას არ მოერიდა, მოედანზე სპანულისიც დააბრუნა, თუმცა, მხოლოდ ის მოახერხა, რომ დასკვნით ათწუთეულში თანაბარი თამაში შენარჩუნებულიყო. საფინალო სირენამდე 40 წამით ადრე დიდებულად მოთამაშე თორნიკე შენგელიამ (თამაშიდან 13-დან 9, 69%) მე-20 ქულა მიითვალა და ანგარიშში ჩამორჩენა 9 ქულამდეც კი დავიდა, საბოლოოდ კი, საბერძნეთმა 11 ქულის სხვაობით იმარჯვა.
საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ ჩინებულად ჩატარებული მე-2 ტამის ხარჯზე ქართველები ბერძნებს ბევრ სტატისტიკურ დეტალში გაუტოლდნენ და რამდენიმეში აჯობეს კიდეც. კარგი იყო, რომ შესვენების შემდეგ, ბურთი მხოლოდ 6-ჯერ დაიკარგა, მოხსნებში (27:28), დაკარგვებიდან აღებულ ქულებში (18:21), ე.წ. “მე-2 შანსის ქულებსა” (4:6) და სწრაფი გარღვევების შედეგად მითვლილ ქულებში (10:13) მეტოქეს მცირედით ჩამოვრჩით, ხოლო ჩაჭრებში 8:2 ვაჯობეთ. სამაგიეროდ, ტრადიციულად საგრძნობლად დაიჩაგრნენ ჩვენი სათადარიგოები (18:31) და პასებსა (19:28) და ბლოკ-შოტებშიც (1:5) ვერ ვივარგეთ.
თუკი ისევ მე-2 ტაიმის ფაქტორს დავუბრუნდებით, ერთ საინტერესო ფაქტზე ყურადღება აუცილებლად უნდა გავამახვილოთ. ქართველმა კალათბურთელებმა ევრობასკეტზე მე-3 მატჩი ჩაატარეს და ყველას იდენტური მიმდინარეობა ჰქონდა. საქართველოს ნაკრებმა ჰოლანდიასთან პირველი ტაიმი 26:36 წააგო, მეორეში კი მეტოქე 46:37 დაამარცხა. სლოვენიასთან შეხვედრაში ასეთი სტატისტიკა გვქონდა: 26:41 – პირველ ნახევარში, 42:38 – მეორეში. და საბერძნეთი: 22:50 – პირველში, 46:29 – მეორეში.
ვგონებთ, ამ მაჩვენებლებზე და სხვა უარყოფით დეტალებზე მწვრთნელებმა მეტი ყურადღება უნდა გაამახვილონ გადამწყვეტი თამაშის წინ, რომელიც ქართველებს 9 სექტემბერს ელით. მართალია, ევრობასკეტ-2015-ის 3 ტურის თავზე საქართველოს ნაკრები 3 მარცხით, C ჯგუფის ბოლო ადგილზე იმყოფება, თუმცა, გარკვეულწილად, იღბლის წყალობითაც, პლეი-ოფში გასვლის არცთუ ცუდ შანსს ინარჩუნებს.
დიდი გამოთვლა არ სჭირდება იმ ფაქტს, რომ საქართველოს შანსი მაკედონიის ეროვნული გუნდის დამარცხებაშია. სავარაუდოა, რომ ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩებში საქართველო ხორვატიასთან დამარცხდება, მაკედონია იმავე ხორვატიასთან და სლოვენიასთან წააგებს, ხოლო ჰოლანდია ხორვატიას და საბერძნეთს დანებდება. ამის გათვალისწინებით, თუ ვინ გავა ჯგუფში მე-4 ადგილზე, საქართველო-მაკედონიის ურთიერთშეხვედრაში უნდა გადაწყდეს.
თუკი ქართველმა კალათბურთელებმა იმარჯვეს, ჩვენს ნაკრებს, მაკედონიას და ჰოლანდიას თითო გამარჯვება მოუგროვდება და საქმეში სამ გუნდს შორის ბურთების სხვაობა ჩაებმება. ამ დროისთვის, მაკედონიელთა მაჩვენებელია +7 გახლავთ, ჰოლანდიის -6, ხოლო საქართველოსი -1. ცხადია, “ნარინჯისფერთა” შედეგში ვეღარაფერი შეიცვლება, ქართველ კალათბურთელებს კი სასურველი მე-4 პოზიციის დასაკავებლად მინიმუმ ხუთქულიანი გამარჯვება დასჭირდებათ.
ამ შემთხვევაში, ქართველთა ბურთების შეფარდება +4 გახდება, ხოლო მაკედონიელების +2 და მათ უკან მოვიტოვებთ. არსებობს თეორიული შანსი, რომ ჩვენმა ნაკრებმა შემდეგ ეტაპზე 4-ქულიანი მოგების შემთხვევაშიც გააღწიოს, თუმცა, ამ ვარიანტით, საქართველოს და მაკედონიას იდენტური შედეგები ექნებათ და დამატებითი მაჩვენებლების დათვლა იქნება საჭირო.
ამგვარად, 9 სექტემბერს, საქართველოს ნაკრებისთვის გადამწყვეტი დღეა, რადგანაც მორიგი მარცხი ჯერ კიდევ არსებულ იმედებს საბოლოოდ დაასამარებს. ხვალ, საქართველოს და მაკედონიის ნაკრებთა მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, 17:00 საათზე საბერძნეთი სლოვენიას გაეჯიბრება, ხოლო 23:00 საათზე მასპინძელი ხორვატია ჰოლანდიას დაუხვდება.
საქართველო – საბერძნეთი 68:79 (15:25, 7:25, 26:11, 20:18)
საქართველო: ცინცაძე 5, მარკოიშვილი 11, სანიკიძე 10 ქ, 6 მ, შენგელია 20 ქ, 8 მ, ფაჩულია 4 ქ, 5 პ; პულენი 4, შერმადინი 9, სანაძე 2, ფაცაცია, ბურჯანაძე 3.
საბერძნეთი: სპანულისი 2, კალატესი 19 ქ, 8 პ, პრინტეზისი 3, ანტეტოკოუნმპო 12, კუფოსი 12; ბურუსისი 4, ზისისი 11, სლუკასი 3, კაიმაკოღლუ 8, პაპანიკოლაუ 5, მანცარისი
დათო მანჯავიძე სპეციალურად worldsport.ge-სთვის ზაგრებიდან