ფეხბურთი

9:45 | 8.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

პატრიოტი რონალდუ და ბედნიერი ველოზუ

ევროპის მომავალი ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში პორტუგალიამ ტირანაში ალბანეთს ველოზუს მიერ 92-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით 1:0 სძლია. პირენელთა ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ კი აგერ უკვე მეოთხე მატჩია მეტოქეთა კარის აღება ვერ ახერხებს. შკიპერიელთა წინააღმდეგ თამაშისას მადრიდის “რეალის” ვარსკვლავმა ხელიდენ მეტად ხელსაყრელი მომენტი გაუშვა. ამის მიუხედავად, პორტუგალიელთა თავკაცმა ფერნანდუ სანტუშმა ნამატჩევს რონალდუ დაიცვა:

“კრიშტიანუს ყოველ სეზონში 50 გოლი გააქვს, ამიტომაც არ მიკვირს, დღეს მის მიერ გაცუდებულ მომენტზე რომ აკეთებენ აქცენტს. რონალდუ ტკივილგამაყუჩებლით ასპარეზობდა და რომ არა მისი პატრიოტიზმი და პორტუგალიისადმი ერთგულება, წესითა და რიგით, ალბანელთა წინააღმდეგ არც უნდა ეთამაშა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ლიდერი უახლოეს შეხვედრებში თავს გოლებითაც გამოიჩენს”.

მატჩის ერთადერთი გოლის ავტორმა, კიევის “დინამოს” ნახევარმცველმა მიგელ ველოზუმ შეხვედრის შემდგომ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: “საფრანგეთთან ტესტ-მატჩისგან განსხვავებით, ალბანეთთან დაპირისპირებას განსაკუთრებული სატურნირო დატვირთვა ჰქონდა. ბოლომდე ვიბრძოლეთ და გამარჯვებით ბედნიერი ვარ. ნაკრებს პაუზის შემდეგ გატანილი გოლით დავუბრუნდი”.

I შესარჩევ ჯგუფს 6 მატჩის შემდეგ 15 ქულით პორტუგალია ლიდერობს, 7 მატჩის შემდეგ 12 დაგროვილი ქულით მეორე დანიაა, რომელმაც გუშინ ერევანში სომხეთთან 2 ქულა დაკარგა (0:0).

0.120668