კალათბურთი

23:59 | 7.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა “ზაგრებ-არენაზე” სრული შემადგენლობით ივარჯიშა

2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე 7 სექტემბერი სრულად დატვირთული არ ყოფილა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, საქმეში მხოლოდ A და D ჯგუფის გუნდები იყვნენ ჩართულნი, B და C-ს წარმომადგენლები კი ვარჯიშით იყვნენ დაკავებულნი. მათ შორის იყო საქართველოს ნაკრებიც, რომელმაც “ზაგრებ-არენას” თბილისის დროით 20:30 საათზე მიაშურა და დაახლოებით საათნახევრიანი ინტენსიური წვრთნა ჩაატარა.

გასაკვირი არ ყოფილა, რომ ვარჯიში კონკრეტულად საბერძნეთთან მატჩზე იყო ორიენტირებული. მოგეხსენებათ, ერთდღიანი ვარჯიშის შემდეგ, ქართველ კალათბურთელებს ელინებთან დაპირისპირება ელით, ამდენად, იგორ კოკოშკოვი და მისი ასისტენტები კონკრეტულად ბერძნების წინააღმდეგ კომბინაციებს ამუშავებდნენ. ყველაზე ხშირად იოანის ბურუსისის გვარი ისმოდა, რომელიც გასულ მატჩებში ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო. ელადელთა ცენტრის საშუალო მაჩვენებლები ასეთია: 21.5 წუთი, 13.0 ქულა, 7.0 მოხსნა, 2.5 პასი.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნაკრები ევრობასკეტ-2015-ზე მე-3 თამაშსაც ტრავმების გარეშე ხვდება და საბერძნეთთან მატჩზე უდიდესი მოტივაციით გავა. ცხადია, ბიჭებსაც კარგად ესმით, რომ გადამწყვეტად, დიდი შანსია, მაკედონიასთან შეხვედრა იქცეს, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტთან გუნდი მოდუნებული გავა. კომენტარებიც შესაბამისი გახლდათ.

გიორგი შერმადინი: “ცხადია, ის ფაქტი, რომ ტურნირი 2 მარცხით დავიწყეთ, ძალიან სამწუხაროა. ტურნირის სტარტზე ჰოლანდიასთან ძალიან დასანანი წაგება იყო, რასაც სლოვენიასთან წარუმატებლობა მოჰყვა. საბერძნეთთან უმნიშვნელოვანესი მატჩია. კალათბურთში ისეთი თამაშია, სადაც დეტალები ბევრ რამეს წყვეტს. საწყისი მატჩები ჩვენ “ჩაგვივარდა”, ახლა კი, იქნებ ბერძნებმაც ვერ ითამაშონ სასურველ დონეზე და ეს, ჩვენი შანსია”.

დუდა სანაძე: “ჯგუფში ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ჰოლანდიასთან გამარჯვების შემთხვევაში, ყველაფერს მაინც მაკედონიასთან თამაში გადაწყვეტდა. აუცილებელია, ამ თამაშისთვის მობილიზება მოვახერხოთ, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საბერძნეთთან მატჩიზე უმოტივაციოდ გავალთ. 1 დღე დავისვენეთ და ძალებიც აღვიდგინეთ, ასე რომ, მომავალ მატჩს 100%-იანი მზადყოფნით ვხვდებით”.

შეგახსენებთ, რომ C ჯგუფში მე-3 ტურის მატჩები 8 სექტემბერს გახლავთ დაგეგმილი. თბილისის დროით, 17:00 საათზე “ზაგრებ-არენაზე” სლოვენია და ჰოლანდია გავლენ, საქართველო-ჰოლანდიის დაპირისპირება 20:00 საათზე დაიწყება, ხოლო 23:00 საათზე ჯგუფის მასპინძელი ხორვატია მაკედონიას დაუხვდება.

www.gbf.ge-ს ვიდეო

დათო მანჯავიძე სპეციალურად worldsport.ge-სთვის ზაგრებიდან

0.122461