კალათბურთი

12:48 | 7.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ფაჩულია: “ასეთი დაცვით წარმატებაზე ფიქრი ძნელია”  

2 მატჩი, 2 წაგება – ასეთი მაჩვენებელი აქვს საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე თამაშობს და საწყისი დღეების შემდეგ დასაკვეხნი არაფერი აქვს. მართალია, პლეი-ოფში გასვლის არცთუ ცუდი შანსი (დიდი ალბათობით, მაკედონიასთან ხუთქულიანი მოგება წარმატებისთვის საკმარისი იქნება) რჩება, თუმცა, ნაკრების თამაშში რომ ხარვეზი საკმარისზე მეტია, ნათელია.

ერთ-ერთი უმთავრესი დაცვაში სუსტი თამაშია, რის გამოც შთაბეჭდილება რჩება, რომ ქართველებმა რაც არ უნდა შედეგიანად შეუტიონ, მეტოქე მაინც მეტ ქულას ჩააგდებს. ამის კლასიკური მაგალითი იტალიასთან საკონტროლო შეხვედრა გახლდათ. როგორც გახსოვთ, მაშინ 90 ქულა მოვაგროვეთ, რაც ევროპული კალათბურთისთვის 99% მოგების ტოლფასია, თუმცა, საპასუხოდ 91 მივიღეთ და მაინც წავაგეთ.

ცხადია, 90 ქულას ყოველთვის (მითუმეტეს, ევრობასკეტზე) ვერ ჩააგდებ, ამდენად, გამარჯვების გასაღები აქტიურ დაცვაში უნდა ვეძებოთ, რომელიც მოწინააღმდეგეს პრობლემებს შეუქმნის. ამისთვის შესაბამისი ტაქტიკა და ფიზიკური მომზადებაა საჭირო, ამ მხრივ კი, საქართველოს ნაკრები რამდენადაა მომზადებული, რთული სათქმელია.

იგივე სლოვენიასთან ამ კომპონენტებში კიდევ ერთხელ გაგვიჭირდა. მეტოქის ზუსტი სამქულიანები ძველი სენის გამოძახილი იყო. იურე ზდოვცის შეგირდები ფარქვეშ შესვლის შემდეგ პასს პერიმეტრზე ეულად დარჩენილ პარტნიორებზე აკეთებდნენ და ისინიც ზუსტად უტევდნენ. თუ დააკვირდით, სლოვენიელებმა ამ კომბინაციის გათამაშებისას 2-ჯერ ბურთი აუტში უმისამართოდ მოისროლეს, თუმცა, იგივე ხერხს ჯიუტად მიმართავდნენ, რადგანაც მწვრთნელისგან მკაფიო დავალება ჰქონდათ.

სამწუხაროდ, ამ სქემის გაშიფვრა ჩვენთვის დღემდე ამოუხსნელ ამოცანად რჩება. შემთხვევითი არ ყოფილა, რომ მატჩის შემდეგ, გუნდების წარმომადგენლებმა აქცენტი სწორედ დაცვით თამაშზე გააკეთეს. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ აღნიშნულ კომპონენტზე ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა:

“ადრეც არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ თამაშს დაცვაში საიმედო გარჯა იგებს. ესეთ დაცვით, რომელიც სლოვენიასთან გვქონდა, ძალიან ძნელია, წარმატებას მიაღწიო. ცუდია, რომ ჩემპიონატის სტარტზე 2 მარცხი განვიცადეთ. სხვათა შორის, ვფიქრობდი, რომ ჰოლანდიასთან წაგება ჩვენზე გარკვეულწილად დადებითად იმოქმედებდა. ვგულისხმობ იმას, რომ ნაკრები უფრო მობილიზებული და მოტივირებული ითამაშებდა.

ბიჭებმა მართლაც ძალიან მოინდომეს, თუმცა, მეტოქეს სიზუსტეს ვერაფერი მოვუხერხეთ. სლოვენიამ პირველ ტაიმში სამქულიანების 62% გამოიყენა და მაჩვენებელი დიდად არც შემდეგში დაუგდია. ცხადია, ამაში ჩვენი ბრალიც არის. მათთვის ამდენის საშუალება არ უნდა მიგვეცა. ახლა, 1 დღე დასვენება გვაქვს და ის, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. დაკარგული არაფერია. სანამ შანსი არსებობს, მისი გამოყენებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. თუკი ჰოლანდიამ მოგვიგო და მოულოდნელი შედეგი დააფიქსირა, იგივეს გაკეთება ჩვენც შეგვიძლია”.

ბარემ აქვე ვთქვათ, რომ ნაკრებისთვის ზაზას ფაქტორს განსაკუთრებით გაუსვა ხაზი საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა. კაპიტანს შეტევაში თამაში არ წაუვიდა და პერსონალური ფოლების გამო, სათადარიგოთა სკამზეც ნაადრევად გადაინაცვლა, თუმცა, ბრძოლისუნარიანობა ნამდვილად არ დაეწუნებოდა.

“ზაზა ნაკრების ნამდვილი კაპიტანია და ყველა ეპიზოდში ბოლომდე იბრძვის. აუცილებელი არაა კალათბურთელმა ბევრი ქულა ჩააგდოს, რათა ის გუნდის ლიდერად მივიჩნიოთ. ფაჩულიამ სლოვენიელებს არაფერი დაუთმო და თანაგუნდელების აყოლიებასაც ცდილობდა. ის არავის და არაფერს ეპუებოდა. სამწუხაროა, რომ მსაჯებმა აგრესიულობა არ აპატიეს და ფოლებით მალე დატვირთეს, საბოლოოდ კი, ზაზას თამაშის ადრეულად დასრულება მოუხდა”.

ახლა კი, ისევ თემის მთავარ პათოსს დავუბრუნდეთ, რომელზეც საუბარი უკვე ნებოისა იოკსიმოვიჩმა ჩამოაგდო. მისი სიტყვებიდანაც სჩანს, რომ სლოვენიელებს ქართველები საფუძვლიანად ჰყავდათ გაშიფრული და დაცვაში საიმედო გარჯით, მეტოქის ლიდერების განეიტრალებაზე ბევრი ემუშავათ.

“რთულ თამაშს ველოდით და ასეც მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ შეტევაში კარგად გამოვიყურებოდით, გამარჯვების გასაღები მაინც დაცვაში საიმედო თამაში გახლდათ. ფაჩულია, მარკოიშვილი, სანიკიძე, პულენი... ამ კალათბურთელებს ბევრი პრობლემის შექმნა შეუძლიათ, ამდენად, მათ გასანეიტრალებლად დიდი შრომა გავწიეთ. შედეგად, საქართველოს ნაკრებმა პირველ ტაიმში მხოლოდ 26 ქულა ჩააგდო და საბოლოო 68 ქულაც ჩვენთვის სრულიად მისაღები იყო. თუ არ ვცდები, მაგალითად, პულენმა თამაშიდან ერთადერთი ტყორცნა გამოიყენა, არადა, მას როგორი სტაბილური ტყორცნა აქვს, კარგად ვიცით. დაცვაში საიმედო თამაშმა შეტევაშიც ხელ-ფეხი გაგვეხსნა და რამდენიმე რთული სამქულიანიც ჩავარდა”.

დათო მანჯავიძე სპეციალურად worldsport.ge-სთვის ზაგრებიდან

0.182183