საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროშესარჩევში მეორე მატჩი მოიგო. “ჯვაროსნებმა” შოტლანდია “დინამო არენაზე” 1:0 დაამარცხეს და გულშემატკივრების გული გაახარეს.
წარმატებას მოწყრუებული ხალხი გამარჯვებას სამი წელი ელოდა. ეროვნულმა ნაკრებმა ბოლო ოფიციალური შეხვედრა თბილისში 2012 წლის 7 სექტემბერს მოიგო. მაშინ თემურ ქეცბაიას შეგირდებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბელარუსი 1:0 დაამარცხეს. მას შემდეგ ამხანაგურ მატჩებში ნაკრებმა კი გაიმარჯვა, თუმცა ოფიციალურ შეხვდრაში მოგებას სულ სხვა გემო აქვს.
sportsmole.co.uk-მა ქართველ და შოტლანდიელ ფეხბურთელთა შეფასებები გამოაქვეყნა. 10-ბალიანი სისტემით ჩვენ ნაკრებში საუკეთესოდ სოლომონ კვირკველია (8) დაასახელეს. ბრიტანელებმა “რუბინის” მოთამაშე მოედანზე საუკეთესოდ მიიჩნიეს. ძირითადი ფეხბურთელებიდან ყველაზე დაბალი შეფასება თორნიკე ოქრიაშვილმა (5) მიიღო. “გენკის” შემტევი მიიჩნიეს, როგორც ყველაზე საშიში მოთამაშე ქართველთა მხრიდან, თუმცა განვლილ მატჩში მან ღირებული ვერაფერი გააკეთაო.
38-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა გამარჯვების მომტანი დარტყმა შეასრულა, მარშალის ბადე შეირხა. ბრიტანალებმა აღნიშნეს, რომ ვაკომ აღნიშნულ მომენტში ოსტატობა გამოავლინა და ბურთი შესანიშნავად დაამუშავა. ვაკოს 10-დან 7-ბალიანი შეფასება მისცეს.
მეტოქის მეკარე ვახსენეთ და დევიდ მარშალის შეფასება ასეთი გახლდათ: “გოლის მომენტში მეკარეს შანსი არ ჰქოდა, თუმცა მეორე ტაიმში ლევან მჭედლიძის დარტყმული შესანიშნავად მოიგერია.
“ემპოლის” თავდამსხმელმა ქართველ გულშემატკივრებს შესანიშნავი თამაში აჩუქა. ფიზიკურად ძლიერ მეტოქეებთან ლევანი კარგად ლავირებდა, ორთაბრძოლებს იგებდა, ვაკოს საგოლე გადაცემა გაუკეთა, ხოლო მარშალი სერიოზულად ანერვიულა. ერთ-ერთ ეპიზოდში შოტლანდიელთა კარის ბადე გარედან შეარხია, არა და უფრო ზუსტად რომ დაერტყა ახლო კუთხეში შესანიშნავი გოლი გავიდოდა. ლევანს ბრიტანელებმა ექვსიანი დაუწერეს.
შოტლანდიელთა მხრიდან ყველაზე მაღალი შეფასება 6-ბალიანი გახლდათ და ეს შეფასება რამდენიმე ფეხბურთელმა მიიღო. ბრიტანელები სტივენ ფლეტჩერით იმედგაცრუებულები გახლდნენ.
სატურნირო თვალსაზრისით საქართველომ შოტლანდიას კიდევ ერთხელ გაურთულა საქმე. გორდონ სტრაჩანი პრესკონფერენციაზე იმედგაცრუებული კი გახლდათ, მაგრამ განაცხადა, ასეთ სიტუაციაში ვყოფილვართ და ყველაფერს გამოვასწორებთო.
კახა ცხადაძე შედეგით კმაყოფილია, თუმცა ქართველი სპეციალისტი მიიჩნევს, გუნდმა უკვე უნდა დაივიწყოს აღნიშნული გამარჯვება და მხოლოდ ირლანდიასთან წარმატების მისაღწევად იშრომოს.