საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წევრმა გიორგი არაბიძემ დონეცკის “შახტარის” პირველ გუნდში ითამაშა.
დონეცკელებმა კარპიში ადგილობრივ ამავე სახელწოდების გუნდთან, რომელიც სერია A-ში წელს აღზევდა, ამხანაგური მატჩი ჩაატარეს და 1:2 დამარცხდნენ.
“შახტარის” მთავარ მწვრთნელ მირჩა ლუჩესკუს ნაკრებებში გამოძახებული ლეგიონერები აკლდნენ და ამიტომ, იტალიაში ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელებიც იახლა, მათ შორის არაბიძეც.
ქართველი შემტევი ნახევარმცველი თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც უკრაინელები 1:0 იგებდნენ. გოლი პენალტიდან 43-ე წუთზე ედუარდომ გაიტანა. იტალიელებმა მეტოქის კარი 84-ე და 88-ე წუთებზე აიღეს. დუბლი ლასანგამ შეასრულა.
არაბიძე “შახტარში” თბილისის “ლოკომოტივიდან” მიმდინარე წლის ზაფხულში გადავიდა და სამწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.