ლანჩხუთის “გურიას” ყოფილმა კაპიტანმა, ამჟამად კი გურიის მაჟორიტარმა დეპუტატმა თემურ ჩხაიძემ იქაურ გამოცემა “ჰო და არასთან” საუბარში, სფფ-ის პრეზიდენტობის მსურველ მერაბ ჟორდანიას მხარდაჭერა გამოუცხადა.
“ლანჩხუთში მერაბს დიდ პატივს სცემენ. გურიიდან მისი წარდგენა არ უნდა იყოს პრობლემა, - პიქირით. მე, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერს მას”, – განაცხადა თემურ ჩხაიძემ.
“ჰო და არას” მერაბ ჟორდანიაც ესაუბრა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა 3 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი.
“ვაპირებ მონაწილეობა მივიღო არჩევნებში. პირველ რიგში მშობლიურ ლანჩხუთში ჩამოვედი, რათა გავიგო ჩემი გურულების მოსაზრება”, – აღნიშნა ჟორდანიამ.
ლანჩხუთის “გურიამ” სფფ-ის პრეზიდენტსა და აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს მიმართა. გთავაზობთ ნაწყვეტს განცხადებიდან.
“გურია” იყო პირველი ქართული ფლაგმანი, რომელმაც უარი თქვა სსრკ-ის უმაღლეს ლიგაში თამაშზე და მხარი დაუჭირა ეროვნული ჩემპიონატის ჩატარებას. “გურია” არის საქართველოს დამოუკიდებელი თასის გათამაშების პირველი გამარჯვებული და ორგზის ვიცე-ჩემპიონი. “გურიამ” ქართულ ფეხბურთს აღუზარდა არაერთი სახელოვანი ფეხბურთელი. მიგვაჩნია, რომ კლუბი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული და სახელოვანია, უნდა იყოს სფფ-ის წევრი სუბიექტი, რათა “გურიას”, რომელიც ქართულ საფეხბურთო სინამდვილეში ბრენდად არის მიჩნეული, საშუალება ჰქონდეს მონაწილეობა მიიღოს ქართული ფეხბურთის ბედის გადაწყვეტაში და ჰყავდეს ყრილობის დელეგატი, შეეძლოს კანდიდატის წარდგენა, მონაწილეობდეს სფფ-ისა პრეზიდენტისა და აღმასრულებელი კომიტეტის წევრების არჩევანში”, – აღნიშნულია განცხადებაში.