იტალიის მოქმედ ჩემპიონ ტურინის “იუვენტუსისთვის” სატრანსფერო ფანჯარა საკმაოდ აქტიურად წარიმართა. ასე იყო 31 აგვისტოსაც.
მასიმილიანო ალეგრის გუნდმა მილანის “ინტერიდან” შემტევი ნახევარმცველი ერნანესი შეიძინა. 30 წლის ბრაზილიელის ტრანსფერი “იუვეს” 11 მილიონი ევრო დაუჯდა, ხოლო ფეხბურთელს 3 წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.
ამასთან, “ბებერმა ქალბატონმა” მარსელის “ოლიმპიკის” 21 წლის იმედისმომცემი შუახაზელი მარიო ლემინა იჯარით აიყვანა, კონტრაქტის სრული გამოსყიდვის უფლებით.
სამაგიეროდ, “ველოდრომზე” გადაბარგდა ტურინელთა ორი მცველი, ჩილელი მაურისიო ისლა და იტალიელი პაოლო დე ჩელიე. ორივე ზემოხსენებული ფეხბურთელი “მარსელის” რიგებში სეზონის ბოლომდე იჯარით დარჩებიან.