იტალიის სერია A-ს ბინადარი “ჯენოა” სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ერთბაშად ორი ფეხბურთელით გაძლიერდა. როგორც გენუური გუნდის ვებგვერდი გვამცნობს, ლიგურიელთა ღირსებას შვეიცარიელი ნახევარმცველი ბლერიმ ჯემაილი და არგენტინელი მცველი კრისტიან ანსალდი დაიცავენ.
29 წლის ჯემაილი “ჯენოას” სტამბოლის “გალათასარაიდან” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, ხოლო 28 წლის ანსალდი მიმდინარე სეზონის ბოლომდე “ლუიჯი ფერარისზე” იჯარის წესით იასპარეზებს.
ბლერიმ ჯემაილიმ სახელი სწორედ იტალიაში თამაშით გაითქვა, სადაც სხვადასხვა დროს “პარმასა” და “ნაპოლის” რიგებში თამაშობდა, ხოლო არგენტინელი მარცხენა მცველი ბოლო დროს ყაზანის “რუბინსა” და მადრიდის “ატლეტიკოში” ირჯებოდა.