2015 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ერთ-ერთმა მეტოქე სლოვენიამ მორიგი საკონტროლო მატჩი ჩაატარა და სერბეთთან 70:79 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ, კოპერში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე იურე ზდოვცის შეგირდებმა უკრაინის, ფინეთის და იტალიის ნაკრებები დაჯაბნეს, ამჯერად კი, ლიუბლიანაში სერბებთან ვერაფერი გააწყვეს.
სტუმართა გამარჯვებას ხელი ერთმა ფაქტმაც შეუწყო. სლოვენიელებს პირველივე ტაიმში დაუშავდათ სასტარტო ცენტრი უროშ სლოკარი, რამაც სერბეთს ფარქვეშ ხელ-ფეხი გაუხსნა.
ესპანური “ესტუდიანტესის” 32 წლის კალათბურთელს 07:43 წუთში 5 ქულა ჰქონდა მოგროვებული, როდესაც მოედნიდან გასვლა მოუხდა, მის არყოფნაში კი, სერბეთმა მეტოქეს მოხსნებში 34:22 აჯობა.
როგორც სლოვენიის ნაკრების ექიმმა მარკო მაჩურომ განაცხადა, წინასწარი მონაცემებით, სლოკარს ტერფი სერიოზულად არ აქვს დაშავებული, თუმცა, საბოლოო პასუხი დამატებითი გამოკვლევების შემდეგ გახდება ცნობილი.
“სტოჟიცე არენაში” გამართული მატჩის საუკეთესო მოთამაშე “მინესოტა ტიმბერვულვზში” გადასული ფორვარდი ნემანია ბიელიცა გახდა, რომელმაც სტუმრებს 19 ქულა შესძინა. სერბეთის რიგებში 11-11 ქულით მიროსლავ რადულიცა და ნემანია ნედოვიჩიც გამოირჩნენ.
სლოვენიელთა მხრიდან ალენ ომიჩმა 15 ქულა ჩააგდო, 10-ქულიან ზღვარს კი ზორან დრაგიჩმა (14) და იაკა კლობუჩარმაც (10) უწიეს. მასპინძლებმა ორქულიანები კარგად (18 28-დან, 64 %) კი ესროლეს, თუმცა, სამქულიანებში (8 25-დან, 32%) და საჯარიმოებში (10 18-დან, 56%) მოიკოჭლეს და მარცხის მიზეზიც ეს გახდა.
სლოვენია და სერბეთი შაბათს ბანია ლუკაში კიდევ ერთხელ ითამაშებენ და ორივე ნაკრებისთვის, ეს ევრობასკეტ-2015-მდე ბოლო მოსამზადებელი მატჩი იქნება.
სლოვენია – სერბეთი 70:79 (20:22, 13:18, 16:16, 21:23)
სლოვენია: იოკსიმოვიჩი (6 წ.), ნიკოლიჩი (27 წ. 3 ქ.), ზ.დრაგიჩი (26 წ. 14 ქ. 3 მ. 4 პ. 4 ჩ.), ზუპანი (11 წ.), სლოკარი (8 წ. 5 ქ.); რუპნიკი (10 წ.), პრეპელიჩი (17 წ. 7 ქ. 5 პ.), ბლაჟიჩი (19 წ. 7 ქ.), ბალაჟიჩი (29 წ. 9 ქ. 3 მ.), ზაგორაცი (5 წ.), ომიჩი (21 წ. 15 ქ. 5 მ.), კლობუჩარი (28 წ. 10 ქ. 5 პ.).
მწვრთნელი: იურე ზდოვცი.