ათენში სტარტი აიღო ტრადიციულმა საკალათბურთო ტურნირმა, რომელშიც ლიტვის და თურქეთის გარდა, 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები – საბერძნეთი და ჰოლანდიაც თამაშობენ.
“აკროპოლისის თასის” პირველ დღეს ერთმანეთის პირისპირ სწორედ ჩვენთვის საინტერესო გუნდები დადგნენ და როგორც მოსალოდნელი გახლდათ, გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ – 92:80.
ბერძენთა უპირატესობა აშკარა იყო და ისინი დასკვნით მეოთხედს 19-ქულიანი უპირატესობით შეხვდნენ, ბოლოსკენ კი მოდუნდნენ და “ნარინჯისფრებს” ჩამორჩენის შემცირების შანსი მისცეს.
მასპინძელთა რიგებში 22 ქულით ყველაზე შედეგიანი იანის ანტეტოკოუნმპო იყო, იანის ბურუსისმა, ნიკოს ზისისმა, ნიკ კალატესმა და გეორგიოს პრინტეზისმა კი 10-10 ქულა ჩააგდეს.
ჰოლანდიელთა მხრიდან 2 კალათბურთელი გამოირჩა. ჩარლონ კლოოფმა 17 ქულა ჩააგდო, ხოლო კეეს აკერბოომმა – 16. მოკრძალებული იყო ესპანური ”სარაგოსას” ცენტრ ჰენკ ნორელის მონაგარი – 6 ქულა, 6 მოხსნა.
28 აგვისტოს, ჰოლანდიელები თურქეთს ეთამაშებიან, რომელმაც ლიტვას მოულოდნელად იოლად – 71:53 სძლია. შესაბამისად, ჰოლანდიელთა მეტოქე ლიტვა იქნება.
საბერძნეთი – ჰოლანდია 92:80 (25:18, 23:22, 26:15, 18:25)
საბერძნეთი: ბურუსისი (10 ქ. 8 მ.), ზისისი (10 ქ. 6 პ.), პერპეროღლუ (6 ქ.), სლუკასი (2 ქ.), ანტეტოკოუნმპო (22 ქ. 6 მ.); სპანულისი (9 ქ. 5 პ.), კალატესი (10 ქ. 3 მ. 4 პ.), კაიმაკოღლუ, კუფოსი (8 ქ. 5 მ.), პრინტეზისი (10 ქ. 3 მ.), პაპანიკოლაუ (5 ქ.), მანცარისი.
მწვრთნელი: ფოტის კაციკარისი.
ჰოლანდია: ვ.დე იონგი (7 ქ.), კლოოფი (17 ქ.), აკერბოომი (16 ქ. 4 მ.), შაფტენაარი (9 ქ. 3 მ.), სმეულდერსი (8 ქ. 3 მ.); ვილიამსი (8 ქ.), ხერაზი (3 მ.), ნ.დე იონგი (6 ქ. 6 მ.), ნორელი (6 ქ. 6 მ.), სლაგტერი (3 ქ.).
მწვრთნელი: ტოონ ვან ჰელფტერენი.