სპორტის გუნდურ სახეობებში თუ სადმე მეტ-ნაკლები წარმატება გვაქვს, ეს უწინარესად რაგბია. ამის ფონზე შეიქმნა დევიზი – “რაგბი ჩვენი თამაშია” – რთულია არ დავეთანხმოთ. ზედიზედ მეოთხე მსოფლიო თასის მოლოდინი და დღესდღეობით IRB—ის რეიტინგში მე-13 პოზიცია. სწორედ ასეთია საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შედეგი. რაც უდავოდ საამაყოა.
ისე, ქართველები უცნაური ხალხი ვართ. ასეთი გუნდი გვყავდეს და სტადიონს მათ თამაშებზე არასდროს ვავსებდეთ... რბილად რომ ვთქვათ, გასაკვირია... გამონაკლისი მხოლოდ რუსეთის ნაკრებთან მატჩია და აქედანაც კარგად ჩანს, რომ ამ მატჩს სპორტულ და სარაგბო დატვირთვაზე უფრო სხვა მნიშვნელობა აქვს... ეს არ ნიშნავს, რომ რაგბი გვიყვარს!
აბა, წარმოიდგინეთ, ასეთი დონის ნაკრები ფეხბურთში რომ გვყავდეს რა მოხდებოდა ყოველ საშიანო თამაშზე და როგორი რთული საშოვნელი იქნებოდა ბილეთი... თუმცა, რაგბი მარტო მაშინ გვახსენდება, როცა თბილისში რუსი “დათვები” ჩამოდიან. რა თქმა უნდა, ერთ ქვაბში ყველა არ იხარშება და შესაბამისად, ეს ყველა ქართველს ქომაგს არ ეხება, მაგრამ მცირე გამონაკლისით...
პირველად “ბორჯღალოსნები” მსოფლიო თასზე 2003 წელს, ავსტრალიაში მოხვდნენ. მართალია, მაშინ ჩვენი ბიჭების მონაგარი მხოლოდ კინკილა ლელო გახლდათ, მაგრამ უკვე იქ მოხვედრაც ნიშნავდა, რომ მომავალში უფრო განვირთადებოდით. ასეც მოხდა – მას შემდგომ საქართველო სტაბილურად ახერხებს ფინალურ ეტაპზე გაღწევას და აგერ თვეზე ნაკლებ დროში ინგლისში გასამართ მსოფლიო თასზეც ჩაერთვება და ალბათ, კიდევ ერთხელ დაუმტკიცებს სარაგაბო სამყაროს, რომ “რაგბი ჩვენი თამაშია”!..
გახსოვთ 2007 წლის მსოფლიო თასი? – ბორდოში, “ჟან შაბან დელმაზე” ქართველი მეომრები გამობრძენდილ ირლანდიას ლამის კოშმარად მოევლინენ. ლამის იმიტომ, რომ ის მატჩი საბოლოოდ, წავაგეთ (10:14), თორემ რომ მოგვეგო ვინძლო, ექვსი ერის გადახედვაც მომხდარიყო... თუმცა ამ თამაშის შემდეგ საქართველო ყველამ დაინახა, აღიარა, დააფასა და ეს იმ ბიჭების დამსახურება იყო, რომლებიც “ბორჯღალოსნური” კვართის ჩაცმის თანავე გადაიქცევიან ნამდვილ გლადიატორებად. ისეთ გლადიატორებად რომში რომ იბრძოდნენ...
ეს ის გუნდია, რომელიც თავისი ქვეყნის სახელისთვის ძალას, ენერგიას არასდროს იშურებს და მოედანზე თავდახრილი არასდროს რჩება. წაგვიგია, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ უჯიგროდ ვითამაშეთ, ეს წარმოუდგენელია, უბრალოდ, მათში არ ზის და მორჩა!
მსოფლიო თასზე აქამდე ჯამში 12-ჯერ გვითამაშია. ნამიბიის (2007 წელს) და ოთხი წლის თავზე რუმინეთის ძლევა მოვახერხეთ. ამჯერად, ვინ იცის მეტიც შევძლოთ ან ვერ შევძლოთ, მაგრამ განა ამას მნიშვნელობა ექნება? – ეს ხომ ის ნაკრებია, რომლის საშიანო არენაც ოდენ 2 000 მაყურებელზეა გათვლილი!.. დასკვნა აქედანაც კარგად ჩანს.
ნაკრები უკვე ინგლისში დაბინავდა და ტურნირის დაწყებამდე მოსამზედებელ ეტაპს იქ გააგრძელებს და დაასრულებს. როდესაც მთაკაცები ალბიონზე მიემგაზვრებოდნენ აეროპორტში ისინი თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობის გულშემატკივარმა გააცილა, მაგრამ გასაკვირი რა არის? – არც არაფერი, ისინი ხომ “ბარსელონას”, გერმანიის ნაკრებს, იტალიის ნაკრებს ანაც რომელიმე სხვა გუნდს არ წარმოადგენენ, რომ ქომაგთა წივილ-კივილი ყოფილიყო გაცილებისას!.. არა ბატონო, მართალია, ყველა ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ ვერ იქნება, ეს რჩეულთა ხვედრია...
სამაგიეროდ, რუსეთის ნაკრები რომ შეგვერკინება სტადიონს გავავსებთ, ერთი-ორსაც ვიყვირებთ სა-ქარ-თვე-ლო-ს , გულს მოვიოხებთ, რუსეთსაც დავუმტკიცებთ, რომ მათზე მაგარი ერი ვართ და მერე ქუჩაში რომ შეგვხვდეს მამუკა გორგოძე ზედაც არ შევხედავთ...
აგერ მსოფლიო თასი კი კარს მოგვდგომია. ეჭვიც არაა, რომ ქართული ბორჯღალი ალბიონზეც ჯიქურ მიაწვება გამოცდილ და დაფასებულ მეტოქეებს, ბევრ თავსატეხსაც გაუჩენს და საქართველოს სახელს კვლავაც არ შეარცხვენს!