ჩოგბურთი

15:30 | 23.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

დღეს დიდი ფინალია

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ცინცინატში (საპრიზო ფონდი 3 200 200 ამერიკული დოლარი) დღეს მასტერსის ტურნირის ფინალში, მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი დიდი სლემის 17-გზის ჩემპიონს, როჯერ ფედერერს დაუპირისპირდება.

ცინცინატის ტურნირი ფედერერს 6-ჯერ აქვს მოგებული, ხოლო ნოლემ ფინალში გასვლა 4-ჯერ მოახერხა, თუმცა ოთხივეჯერ დამარცხდა. ჯოკოვიჩს 9 მასტერსის ტურნირიდან რვა მოგებული აქვს, ნოვაკს მხოლოდ ცინცინატის მასტერსის ტიტულის აღმართვა აკლია. თუ სერბი დღეს ცინცინატის ფინალში ფედერერს დაამარცხებს, ჯოკოვიჩი ერთეულთა თანრიგში ერთადერთი ჩოგბურთელი გახდება, ვისაც ცხრავე მასტერსის ტიტული ექნება მოგებული.

ცინცინატის ტურნირზე ფედერერმა და ჯოკოვიჩმა ფინალამდე 4-4 შეხვედრა მოიგეს. როჯერმა ბაუტისტა-აგუტს, კევინ ანდერსონს, ფელისიანო ლოპესს და ენდი მარეის სეტწაუგებლად მოუგო. შვეიცარიელი ტურნირის განმავლობაში საოცარი ჩაწოდებით გამოირჩევა, ვერც ერთმა მეტოქემ ვერ შეძლო “მაესტროს” დაბრეიკება. ნახევარფინალში მარეიმ როჯერის ჩაწოდებაზე მხოლოდ 15 ქულის მოპოვება შეძლო. ცინცინატის ტურნირზე ფედერერთან შედარებით ნოვაკ ჯოკოვიჩი ცუდად გამოიყურება. ჯერ იყო და 1/8-ფინალში დავიდ გოფინთან სეტი დათმო, ხოლო ნახევარფინალში უკრაინელ დოლგოპოლოვთან პირველი სეტი 4:6 წაააგო და მეორე პარტიის ტაი-ბრეიკზე 4:5 აგებდა. ორი ბურთის ჩაგდება და ნოლე ტურნირს დაემშვიდობებოდა, თუმცა ბალკანელმა თამაშის შემოტრიალება მოახერხა.

ნოვაკს 24 მასტერსის ტიტული აქვს მოპოვებული, ხოლო ფედერერს – 23.

ფედერერი-ჯოკოვიჩი ურთიერთშეხვედრებში ანგარიში 20-20-ია. ბოლო სამი შეხვედრა ნოლეს გამარჯვებით დასრულდა.

ჯოკოვიჩი – ფედერერის ფინალური მატჩი დღეს თბილისის დროით 21:00 საათზეა ჩანიშნული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113329