კალათბურთი

1:12 | 22.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა ვარსკვლავურ საფრანგეთთან წააგო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ქალაქ რუანის გადავსებულ, 6000-იან „კინდარენაზე“ ევროპის მოქმედ ჩემპიონ საფრანგეთთან დიდი ანგარიშით წააგო.

იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილმა გუნდმა ფრანგეთან ნორმალური პირველი ტაიმი ჩაატარა და დიდი შესვენებისთვის მხოლოდ 9 ქულას აგებდა, თუმცა მეორე ნახევარში ზომაზე მეტი შეცდომა დაუშვა და ზედიზედ წაგებილი მესამე (9:30) და მეოთხე (12:24) პერიოდების შემდეგ, მატჩი 53:95 დათმო.

ფრანგებს ევროპის ჩემპიონი გუნდი ჰყავთ და ახლაც მხოლოდ პირველობას გეგმავენ. ძნელი სავარაუდოა, ამაში მათ რომელიმე ევროპულმა ნაკრებმა ხელი შეუშალოს, იმდენად ძლიერი და დიდი პოტენციალის მქონეა საფრანგეთის ნაკრები. ყველა რგოლში დაბალანსებული შემდგენლობით ფრანგები ახერხებენ იმას, რომ თუნდაც საქართველოს დარ ნაკრებს პერიოდი 30:9 მოუგოს. გამართული, მჭიდრო დაცვა და სწრაფი შეტევა, ამას დამატებული სროლათა მაღალი შედეგიანობა. ვინსენ კოლის გუნდი უნაკლოდ გამოიყურებოდა და დამსახურებულ გამარჯვებასაც მიაღწია.

ტონი პარკერი, ნიკოლას ბატუმი, ნანდო დე კოლო, ბორის დიაო და რუდი გობერი – მოსკოვის ცსკა-ს წევრ დე კოლოს გარდა ფრანგთა სასტარტო ხუთეულის ყველა წევრი ნბა-ში თამაშობს და თავის გუნდში უბრალო როლს კი არ ასრულებს, წამყვანი მოთამაშეა. ამათ შორის ყველაზე უცხო რუდი გობერია, რომელსაც მსოფლიო ჯერ იმიტომ არ იცნობს, რომ ახალგაზრდაა და ნბა-ში, კერძოდ კი „იუტა ჯაზში“ სახელს ახლა იხვეჭს. ერთი სიტყვით, საფრანგეთის ნაკრების მოთამაშეებზე საუბარი შორს წაგვიყვანს, საკითხავი ჩვენი ნაკრები და მის მოთამაშეთა სპორტული ფორმაა.

ძნელია ისაუბრო სპორტულ ფორმაზე, როცა ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო დონის ვარსკვლალების წინააღმდეგ უწევთ თამაში. როცა შედარებით სუსტი მეტოქე ჰყავდათ, ქართველებმა თამაშის მოგება შესძლეს – შეგახსენებთ, რუანის ტურნირის პირველი მატჩი კოკოშკოვის გუნდმა საკმაოდ მძლავრ ბელგიას 70:68 მოუგო. რაც შეეხება ფრანგებთან მატჩს, რაც შეეძლოთ, ბიჭებმა გააკეთეს.

ქართველებმა მეტოქეზე 6-ით მეტი სამქულინი ჩააგდეს და ამ კომპონენტში ჩაგდების პროცენტულობაც მასპინძლებზე უკეთესი ჰქონდათ, მაგრამ მხოლოდ შორი სროლები არაა საქმე. სამქულიანებსაც იმიტომ ესროდნენ ჩვენები უფრო ხშირად, რომ ფრანგების ქებული დაცვის გამო საჯარიმოში შესვლა უჭირდათ.

რაც შეეხება სხვა კომპონენტებს, ფრანგებმა ყველა ასპექტში იძალეს. და მაინც, ასეთი დიდი სხვაობა არ იქნებოდა, რომ არა საქართველოს ნაკრების მოთამაშეების ჯამურად დაკარგული 23 ბურთი. დიდი უპირატესობა ჰქონდათ ფრანგებს მოხსნებში (12-ით მეტი), თუმც მთავარი იარაღი, რითაც მასპინძლებმა იძალეს, ზუსტი ორქულიანები, სწრაფი გარღვევები და საშუალო სროლები იყო. საფრანგეთის ნაკრებმა 32 ორქულიანი ჩააგდი, ქართველებმა კი მხოლოდ – 8.

საფრანგეთის ნაკრებმა არნახული გუნდურობა გამოიჩინა, რაც იმაში გამოიხატება, რომ 8 მოთამაშემ 10-ქულიანი ზღვარი გადალახა. საუკეთესო შარლ კაუდი იყო 18 ქულით, ხოლო ნიკოლას ბატუმმა თავი 14 ქულას მოუყარა. ცოცხალმა ლეგენდა ტონი პარკერმა 20 წუთში 11 ქულა და 7 პასი მიითვალა.

საქართველოს ნაკრებში 14 ქულითა და 5 პასით საუკეთესო შედეგი ჰქონდა გიორგი ცინცაძეს, რომელმაც 4 სამქულიანი მიითვალა, ხოლო 3 სამიანის მიმთვლელმა მანუჩარ მარკოიშვილმა თავი 11 ქულას მოუყარა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რუანის ტურნირი თითო მოგება-წაგებით დაასრულა და 22 აგვისტოს საფრანგეთს დატოვებს. სწორედ ამ დღეს ითამაშებენ საფრანგეთი და ბელგია.

იგორ კოკოშკოვის ნაკრები საფრანგეთიდან სლოვენიაში, დაბა პოდჩეტრტეკში მიემგზავრება, სადაც საწვრთნელ შეკრებას გააგრძელებს და 28-30 აგვისტოს კიდევ ერთ სერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

იტალიის ქალაქ ტრიესტში მასპინძელი ქვეყნის ნაკრებთან ერთად თავს რუსეთი, საქართველო და ამერიკის სტუდენტური ლიგის მოწინავე გუნდი – მიჩიგანის უნივერსიტეტი მოიყრიან თავს.

საფრანგეთი – საქართველო 95:53 (22:15, 19:17, 30:9, 24:12)

http://www.fibalivestats.com/matches/3886/16/19/04/30VrWtdbdDbBs/

www.gbf.ge

0.117738