ამერიკის შეერთებულ შტატებში ცინცინატის მასტერსის ტურნირს ესპანელი რაფაელ ნადალი გამოეთიშა. 1/8-ფინალში რაფაელი თანამემამულე ფელისიანო ლოპესთან 5:7, 6:4, 6:7 დამარცხდა. ეს ის ლოპესია, ვისაც უიმბლდონის ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა დრამატულ ორთაბრძოლაში მოუგო.
ნადალსა და ლოპესს შორის შეხვედრამ 2 საათსა და 24 წუთს გასტანა. ფელისიანომ 14 ეისი ჩააწოდა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა, რაფას 5 ეისი და 4 ორმაგი შეცდომა ჰქონდა. ლოპესი ტურნირის 1/4-ფინალში როჯერ ფედერერს შეხვდება, რომელმაც სამხრეთ აფრიკელი კევინ ანდერსონი 6:1, 6:1 გაანადგურა.
მძიმე ბრძოლაში იმარჯვა ბრიტანელმა ენდი მარეიმ, რომელმაც ბულგარელი გრიგორ დიმიტროვის ბარიერი სამ სეტში დასძლია 4:6, 7:6, 7:5.
დღეს თბილისის დროით 19:00 საათზე ცინცინატის კორტებზე საინტერესო თამაშია დაგეგმილი, ტურნირის 1/4-ფინალში ერთმანეთს სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და შვეიცარიელი სტანისლას ვავრინკა დაუპირისპირდებიან.
ნადალი – ლოპესის მატჩის მნიშვნელოვანი მომენტები:
https://www.youtube.com/watch?v=3_icP5BYlhw
ფედერერი – ანდერსონის მატჩის მნიშვნელოვანი მომენტები:
https://www.youtube.com/watch?v=tYFHIT7I2tA
მარეი – დიმიტროვის მატჩის მნიშვნელოვანი მომენტები:
https://www.youtube.com/watch?v=rKe7S92FnjI