ინგლისის პრემიერლიგის ბინადარ “სანდერლენდის” იტალიელი ნახევარმცველი ემანუელე ჯაკერინი სამშობლოში დაბრუნებასთან ახლოსაა. ამის შესახებ ავტორიტეტული გამოცემა “კორიერე დელო სპორტი” წერს. აპენინური მედიის ცნობით, ტურინის “იუვენტუსის” ექსფეხბურთელი და სერია A-ს ბინადარი “ბოლონია” უკვე შეთანხმდნენ. ტრანსფერის გაოფიციალურებას უახლოეს ხანებში ელიან.
30 წლის ჯაკერინიმ სახელი “იუვეში” თამაშით გაითქვა, ხოლო ნისლიან ალბიონს 2013 წელს მიაშურა. გასულ სეზონში ემანუელემ “შავი კატების” ღირსება მხოლოდ 8-ჯერ დაიცვა. იტალიის ნაკრებში მას თავის დროზე 21 მატჩში 3 გოლი გაუტანია.