მადრიდის “რეალმა” მილანის “ინტერიდან” შეძენილი მატეო კოვაჩიჩი ოფიციალურად წარადგინა. ახალგაზრდა ხორვატმა ნახევარმცველმა ახალი გუნდის წევრის რანგში პირველი კომენტარიც გააკეთა.
“ყველას მადლობა. განსაკუთრებით, პრეზიდენტს, რომელიც აქ მოსვლის პირველივე წუთიდან გვერდში მიდგას. “რეალი” მსოფლიოში საუკეთესო კლუბია და ჩემთვის ეს განსაკუთრებული მოვლენაა. ამ გუნდისთვის ყველაფერს გავაკეთებ, მადლობა და “ჰალა მადრიდ”.
რომელ პოზიციაზე ვითამაშებ ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. მე კი მცველების წინ თამაში მირჩევნია. ბედნიერი ვარ, რომ ლუკა მოდრიჩთან ერთად მომიწევს ასპარეზობა.
ბენიტესს უკვე ვესაუბრე, მან წარმატება მისურვა. რაფას ჯერ კიდევ “ნაპოლიში” ყოფნის დროს ვიცნობდი. მიხარია, რომ ასეთ მწვრთნელთან ვიმუშავებ.
“რეალში” ყველა დიდი მოთამაშეა, მაგრამ შეუძლებელია არ იფიქრო რონალდუზე, ჩემთვის მასთან ერთად თამაში საამაყოა.
მინდა, მადლობა გადავუხადო “ინტერს” ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გაიღო”, - დასძინა კოვაჩიჩმა.
ხორვატი ფეხბურთელი მადრიდულ გუნდში მომდევნო ექვსი სეზონი დარჩება და 16-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.