ფეხბურთი

16:02 | 19.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“გურია” ფეხბურთის ფედერაციას მიმართავს

საქართველოს უმაღლესი ლიგის ბინადარი ლანჩხუთის “გურია” ფეხბურთის ფედერაციას სპეციალური განცხადებით მიმართავს, რომელშიც ნათქვამია, რომ მათ წევრობის სტატუსის აღდგენა და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიღება სურთ.

აღნიშნულ განცხადებას, რომელსაც “გურიას” ოფიციალური ფეისბუქგვერდი ავრცელებს, უცვლელად გთავაზობთ:

საფეხბურთო კლუბ ''გურია'' ითხოვს სამართლიანობის აღდგენას!!!

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის
პრეზიდენტს, ბატონ ზვიად სიჭინავას

აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს

ბატონებო,

მოგეხსენებათ, რომ ლანჩხუთის საფეხბურთო კლუბი ‘’გურია’’ ქართული ფეხბურთის ისტორიაში დიდი ტრადიციების მქონე კლუბია. იგი დაარსდა 1924 წელს და მას შემდეგ არაერთი წარმატება აქვს მოპოვებული.
სსრკ-ის საფეხბურთო ჩემპიონატებში ორჯერ (1986 და 1989 წლებში) მოახერხა უმაღლეს ლიგაში გადასვლა, რაც ასეთი პატარა რაიონისთვის მსოფლიო მასშტაბით სენსაციური მოვლენა გახლდათ. ამასთან, ასეთ წარმატებას საქართველოდან მხოლოდ თბილისის ‘’დინამომ“ და ქუთაისის „ტორპედომ“ მიაღწიეს.
ლანჩხუთის ‘’გურია“ არის საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი. ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ 1990 წელს, როცა ქართული ფეხბურთი დამოუკიდებლობის გზას დაადგა, „გურია“ იყო პირველი ქართული ფლაგმანი, რომელმაც უარი თქვა სსრკ-ის უმაღლეს ლიგაში თამაშზე და მხარი ღიად დაუჭირა ეროვნული ჩემპიონატის ჩატარებას. „გურია“ არის საქართველოს დამოუკიდებელი თასის გათამაშების პირველი გამარჯვებული და ორგზის ვიცე-ჩემპიონი.
ლანჩხუთის „გურიამ“ ქართულ ფეხბურთს აღუზარდა არაერთი სახელოვანი ფეხბურთელი: რამაზ ურუშაძე, ილია დათუნაშვილი, ზორბეგ ებრალიძე, გია თავაძე, ვახტანგ ძიძიგური, ბეგი სიხარულიძე, თეიმურაზ ჩხაიძე, გიგლა იმნაძე, გიალო ჩხაიძე და სხვები.
მიგვაჩნია, რომ კლუბი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული და სახელოვანია, უნდა იყოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წევრი-სუბიექტი, რათა „გურია“-მ, რომელიც ქართულ საფეხბურთო სინამდვილეში ბრენდად არის მიჩნეული, საშუალება ჰქონდეს მიიღოს მონაწილეობა ქართული ფეხბურთის ბედის გადაწყვეტაში და ჰყავდეს ყრილობის დელეგატი, შეეძლოს კანდიდატის წარდგენა, მონაწილეობდეს სფფ-ის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი კომიტეტის წევრების არჩევნებში.
იმედი გვაქვს თქვენი მხარდაჭერის.
გთხოვთ, ჩვენს წერილზე კანონიერი რეაგირებისა და თქვენი მოსაზრებების შესახებ გვაცნობოთ წერილობით.


დანართი

ლანჩხუთის „გურია“ დაარსდა 1924 წელს, გამოდიოდა „კიმისა“ და „კოლმეურნეს“ სახელით. 1960 წლიდან „გურიას“ სახელით ასპარეზობს.

საქართველოს ჩემპიონი (1961, 1966, 1971)
საქართველოს თასის მფლობელი (1965, 1966, 1971)
შოთა შავგულიძის თასის მფლობელი (1973, 1974, 1977)
კოლმეურნეობის მთავარი საბჭოს თასი (1958)

1972-79 წლებში ასპარეზობდა სსრკ-ის მეორე ლიგაში
პირველი ადგილი (1976, 1979)
მეორე ადგილი (1968, 1969, 1978)

1980-86, 1988-89 წლებში ასპარეზობდა სსრკ-ის პირველ ლიგაში
პირველი ადგილი (1986)
მეორე ადგილი (1989)

1987 წელს გამოდიოდა სსრკ-ის უმაღლეს ლიგაში

1990 წლიდან ასპარეზობს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატსა და თასის გათამაშებაში
საქართველოს თასის მფლობელი (1990)
საქართველოს ვიცე-ჩემპიონი (1990, 1991)

თეგები“გურია”
0.118764