საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი და ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის გუნდ “დალას მავერიქსის” მოთამაშე ზაზა ფაჩულია საფეხბურთო უმაღლესი ლიგის დებიუტანტ “საბურთალოს” ესტუმრა. 31 წლის ფაჩულია ახალგაზრდა საბურთალოელ ფეხბურთელებს შეხვდა და თავისი გამოცდილება, წარმატების მიღწევის საიდუმლო გაუზიარა.
ფაჩულიამ ფეხბურთელებს სასარგებლო რჩევები მისცა და მომავალში წარმატებები უსურვა.
“თქვენ მომავალი თაობისთვის მაგალითის მიმცემები ხართ და მათ თქვენგან მხოლოდ და მხოლოდ კარგი უნდა გადმოიღონ. წარმატების მიღწევა ადვილი არაა, იგი უდიდეს შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს. ასევე არის გამართლების მომენტიც. ვფიქრობ, როცა თურქეთში გადავედი მაშინ აშკარად გამიმართლა, არადა, ზუსტად იმ პერიოდში კადეტთა ნაკრებში 12 კაცში ვერ მოვხვდი, მაგრამ “ულქერმა” ამიყვანა.
სპორტსმენის კარიერა ხანგრძლივი არაა და ეს უნდა გახსოვდეთ. იგი 15-20 წელი გრძელდება და ეს პერიოდი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ, რომ ცხოვრებაში წარმატებულები იყოთ. აუცილებელია დისციპლინის დაცვა. ნუ გგონიათ, რომ თუ ღამის 2 საათზე სახლიდან გახვალთ, ვერავინ გაიგებს. თქვენს გვერდით არიან მეგობრები, ჟურნალისტები, ადამიანები, რომლებიც თვალ-ყურს გადევნებენ.
თუ წარმატების შანსი მოგეცემათ, ის არ უნდა დაკარგოთ, რადგან მეორედ არ დაბრუნდება იმიტომ, რომ მას სხვა ჩაეჭიდება, რომელსაც უკვე კარგად ექნება გააზრებული, რომ ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას. თქვენს უკან კიდევ ბევრი სპორტსმენია, რომელსაც წარმატების მიღწევა უნდა, ეს ყოველთვის გახსოვდეთ.
ისიც იცოდეთ, რომ ადვილად არაფერი მოდის და ფიზიკურ სიძლიერესთან ერთად, ფსიქოლოგიურადაც ძლიერები უნდა იყოთ, რადგან სპორტში ტრავმები არსებობს, რომელსაც გვერდს ვერ აუვლით. რა თქმა უნდა, მცირე ტრავმებს ვგულისხმობთ, თორემ სერიოზული ტრავმისგან ღმერთმა დაგიფაროთ.
ქართველებისთვის დიდ სპორტში დამკვიდრება სამწუხაროდ, უფრო რთულია, ამიტომ ორმაგად უნდა მოინდომოთ, რომ ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს გააცნოთ. სამწუხაროდ, აშშ-ში ჯერ კიდევ ბევრს ჰგონია, რომ ჯორჯიის შტატიდან ვარ და ამაზე ყოველთვის ნერვები მეშლება, მე ყველანაირად ვცდილობ მათ ჩემი ლამაზი ქვეყანა გავაცნო.
დამიჯერეთ, რომ სპორტზე მაგარი არაფერია, არც პოლიტიკა, არც ბიზნესი, არცერთი სახეობა”, - დაასრულა ფაჩულიამ.
შეხვედრის ბოლოს, “საბურთალოს” ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ფაჩულიასთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.