სხვა

13:44 | 18.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვერცხლი და ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატიდან

ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში დასრულებულ მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე ქართულმა დელეგაციამ გამოსვლა თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

ვერცხლის მედალი 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ახალქალაქელმა ოთარ ერანოსიანმა მოიპოვა. მან სტარტზე ალმოგ ბრიგა (ისრაელი) დაამარცხა, შემდეგ გერმანიის სახელით მოასპარეზე რობერტ არუთინიანს აჯობა, მეოთხედფინალში ამ წონის ერთ-ერთი ფავორიტი, მეორე ნომრად განთესილი რუსი ადლან აბდურაშიდოვიც გამოთიშა, ნახევარფინალში კი მასპინძელ ელიან დიმიტროვს მესამე რაუნდში ნოკაუტით სძლია. სამწუხაროდ, ოთარმა გადამწყვეტი ბრძოლა დიდ ბრიტანელ ჯოზეფ კორდინასთან დათმო და მეორე ადგილს დასჯერდა.

75 კილოში გადანაცვლებულმა ზაალ კვაჭატაძემ ახალ წონაში პრაქტიკულად პირველი დიდი შეჯიბრება ჩაატარა და მედლის აღებაც შეძლო. მან ზედიზედ ჩამოიშორა გზიდან ტომას პივორუნი (ლიტვა), ანდრეი ბიკოვიჩი (სლოვენია), არმენ ჰოვიკიანი (სომხეთი) და ნახევარფინალში გავიდა, სადაც პიოტრ ხამუკოვთან (რუსეთი) დამარცხდა და მესამე ადგილზე გავიდა. მედალი ვერ აიღო, თუმცა მეხუთე ადგილი დაიკავა და პრიზიორ ქართველებთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა მძიმეწონოსანმა მიხეილ ბახტიძემ.

ბულგარეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე დანარჩენ წონებში, ქართველთაგან გელა აბაშიძემ (69), ნიკოლოზ სეხნიაშვილმა (81) და ლევან გულედანმა (91) პირველი შეხვედრები მოიგეს, მაგრამ მერვედფინალში დამარცხდნენ და შეჯიბრებას გამოეთიშნენ, მიხეილ კაზანჯიანი (49) და ირაკლი დალაქიშვილი (64) კი ტურნირს პირველსავე წრეში გამოეთიშნენ.

0.114689