ფეხბურთი

1:22 | 12.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსამ” “მილანის” რეკორდი თბილისურ თრილერში გაიმეორა (VIDEO)
ლუის ენრიკე ისტორიაში შევიდა, მესიმ “სევილიას” 24-ედ გაუტანა

სუპერთასის ისტორია სათავეს 1972 წლიდან იღებს. მისი ჩატარების იდეა ჰოლანდიური გაზეთის “დე ტელეგრააფის” ჟურნალისტმა ანტონ ვიტკამპმა გამოთქვა და საბოლოოდ, განახორციელა. ვიტკამპი მოგვიანებით ამავე გაზეთის სპორტული განყოფილების რედაქტორი გახდა.

თავდაპირველად სუპერთასს ერთმანეთს ჩემპიონთა თასისა და თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულები ეცილებოდნენ. გამარჯვებული ორი შეხვედრის შედეგად ვლინდებოდა.

1973 წელს პირველი სუპერთასი ამსტერდამის “აიაქსმა” მოიგო, რომელმაც ორი მატჩის ჯამში “მილანი” (0:1, 6:0) დაამარცხა. სხვათა შორის, სუპერთასი ყველაზე ხშირად სწორედ “მილანს” მოუგია – 5-ჯერ. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტანსა და “მილანის” ექსმცველ კახა კალაძეს ეს პრესტიჟული ჯილდო ორჯერ მოუპოვებია – 2003 და 2007 წლებში.

აღსანიშნავია, რომ 1981 წელს ევროპის სუპერთასზე თასების თასის მფლობელ თბილისის “დინამოს” უნდა ეთამაშა, მაგრამ ინგლისის “ლივერპულმა”, რომელიც ჩემპიონთა თასის გამარჯვებული იყო, ქართულ კლუბთან შეხვედრაზე უარი თქვა.

თასების თასის გაუქმების შემდეგ, სუპერთასს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გამარჯვებულები ათამაშებენ. 1998 წლიდან სუპერთასზე ერთი მატჩი ტარდება. 1998-2012 წლებში სუპერთასის შეხვედრა მონაკოში “ლუი II”-ის სტადიონზე იმართებოდა. თუმცა, უეფამ გადაწყვიტა, რომ სუპერთასისთვის ევროპის სხვადასხვა ქალაქებს ემასპინძლათ. ეს იმ ფაქტმაც განაპირობა, რომ მონაკოში გულშემატკივრების არცთუ დიდი რაოდენობა იკრიბებოდა და უეფამ სუპერთასის მეტი პოპულარიზაციისთვის მისი გეოგრაფიის გაზრდა განიზრახა. 2013 წელს სუპერთასის მატჩი უელსის დედაქალაქ კარდიფში ჩატარდა, 2014 წელს – ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, ხოლო ამჯერად თბილისში.

2012 წლის 30 ივნისს, კიევში, უეფას აღმასკომმა გადაწყვიტა, რომ სუპერთასისთვის თბილისს ემასპინძლა. სამმა წელმა უცებ გაირბინა, ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებულმა აჟიოტაჟმაც ჩაიარა და საქართველოს დედაქალაქს ევროპის და მსოფლიოს გრანდი “ბარსელონა” ეწვია, რომელშიც უკვე ლეგენდად ქცეული არგენტინელი ლიონელ მესი გამოდის. ბუნებრივია, ამ ფაქტმა განვლილი შეხვედრისადმი ინტერესი გაათმაგა. “სევილიაც” რომ ხელწამოსაკრავი გუნდი არაა, ის ფაქტი მეტყველებს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ევროპა ლიგა 4-ჯერ მოიგო.

ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენა” სუპერთასისთვის ისე მომზადდა, თვალს რომ ესიამოვნება. სტადიონზე ყველა სკამი გამოიცვალა და თეთრ-ლურჯი სკამები დამონტაჟდა. პრესლოჟაც ისე მოეწყო, როგორც მაღალი დონის სტადიონს შეეფერება. ამ დღეებში, რატომღაც არავის უხსენებია, რომ სტადიონის შესასვლელთან ლეგენდარული ბორის პაიჭაძის ძეგლი დაიდგა, რომელიც მე-20 საუკუნის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელადაა დასახელებული. მანამდე საქართველოს ცენტრალურ არენაზე მხოლოდ პაიჭაძის ბიუსტი იყო.

აღსანიშნავია, რომ “ბარსელონამ” და “სევილიამ” სტადიონზე თავისი გულშემატკივრების მატჩამდე “მოსათელად” საგანგებოდ ესპანეთიდან დიქტორები ჩამოიყვანეს. ეს ნებისმიერი დიდი ტურნირის ტრადიციაა, როდესაც შეხვედრამდე ასეთი დიქტორები გუნდების ფანებს მუხტავენ. ცალკე ოფიციალურად შემადგენლობების გამოსაცხადებლად ინგლისურენოვანი დიქტორი უეფამ გამოაგზავნა, ხოლო ქართველებიდან ეს საქმე ჩვენს კოლეგა გიორგი ჭანიშვილს ანდეს.

სტადიონზე პირველი “ბარსელონა” მოვიდა ლუის ენრიკეს თავკაცობით და კატალონიელების მოსვლა დიდ ეკრანზე აჩვენეს. ამის შემდეგ, უნაი ემერის მიერ გაწვრთნილი “სევილიას” ჯერი დადგა.

ამის მერე, დიდ ეკრანებზე ვიდეორგოლი აჩვენეს, რომელიც ევროპის სუპერთასის ისტორიას ასახავდა.

შემდეგ, გიორგი ჭანიშვილმა უეფას სპეციალური მიმართვა წაიკითხა, რომლის ლეიტმოტივი იყო: “არა რასიზმს”. იგივე ტექსტი ესპანურად და ინგლისურადაც წაიკითხეს.

გახსნის ცერემონიალი 7-წუთიანი იყო და ჩაიარა დევიზით: “ფეხბურთი მშიდობისთვის გვაერთიანებს”. მასში 8 ქვეყნის 1000 ბავშვი მონაწილეობდა, რომლებიც სპეციალურად შეირჩნენ. მათ თანმხლებ პირებთან ერთად ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს. ასევე, მაყურებლების წინაშე ანსამბლი “ერისიონი” და მედოლე ბავშვები წარსდგნენ. შესრულდა ლეგენდარული “ბითლზების” ცნობილი ჰიტი “იმეჯინ”.

შეხვედრა ისეთი გამოდგა, რომელსაც ნემისმიერი ასაკისა და გემოვნების გულშემატკივარი ინატრებდა. სუპერთასზე ასე დრამატულად მოვლენები ბოლოს როდის განვითარდა, სტაჟიანი გულშემატკივრებიც ძნელად გაიხსენებენ. “სევილიამ” შესაშური ხასიათი გამოავლინა, რადგან 1:4 აგებდა და თამაშის დამატებით დროში გადაყვანა მოახერხა.

მატჩში ანგარიში მე-3 წუთზე გაიხსნა, როდესაც მასკერანომ რეიესი წააქცია, ხოლო ევერ ბანეგამ საჯარიმო დარტყმა უზადოდ შეასრულა და გერმანელ ტერ შტეგენს შანსი არ დაუტოვა.

“ბარსას” პასუხმა არ დააყოვნა და მესიმ ასევე საჯარიმოდან ულამაზესი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. კარიერაში მან “სევილიას” 23-ე გოლი გაუტანა.

ცოტა ხანში, “ბარსას” კონტრშეტევა მესიმ დაიწყო, სუარესმა გააგრძელა, რომელმაც მარჯვენა ფრთაზე რაკიტიჩი მოძებნა და ხორვატის ჩამოწოდებულ კარის წინ მდგომი რაფინია ვერ შეწვდა.

მესი მიღწეულზე არ შეჩერდა და ისევ “ჯარიმიდან” კატალონიელები დააწინაურა. ეს მის მიერ ანდალუსიელებისთვის გატანილი 24-ე გოლი აღმოჩნდა. კატალონიელთა დაწინაურებიდან რამდენიმე წუთში, მესი და უნაი ემერი შელაპარაკდნენ.

“სევილია” კიდევ ერთ გოლს რაკიტიჩის დარტყმის მერე გადაურჩა, რომელმაც საჯარიმოს მისადგომებიდან “გაისროლა” და მიზანს ააცილა. ერთ წუთში, მას ბანეგამ უპასუხა და ბურთს ტერ შტეგენი დაეუფლა.

ცოტა ხანში, მესიმ რეიდი წამოიწყო და მეტოქის საჯარიმოში რაფინია მოძებნა, რომელმაც პასი ინიესტას არ დაუგვიანა, ხოლო ამ უკანასკნელის დარტყმულ ბურთს სევილიელთა მცველი გადაეღობა.

ტაიმის მიწურულს მარჯვენა ფლანგიდან იბარამ გამჭოლი გადაცემა გააკეთა და გამეიროს დარტყმის მერე ბურთი კარიდან ალვეშმა გამოიტანა.

შესვენებაზე გასვლამდე, “ბარსას” კონტრშეტევისას სუარესი ბეტოსთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ვერ აჯობა, თუმცა ბურთი შეინარჩუნა და საუცხოო პასი გაუკეთა რაფინიას, რომელსაც ისღა დარჩენოდა ანგარიში გაეზარდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში სუარესს ანგარიშის გაზრდა კიდევ შეეძლო, როდესაც ახლოდან დაარტყა, მაგრამ ბურთი კრიხოვიაკს მოხვდა. თუმცა, ურუგვაელმა თავისი გოლი მალევე გაიტანა, როცა “სევილიას” დაცვა “ჩავარდა” და ბუსკეტსის პასი გამოიყენა.

“სევილიამ” კატალონიელებს რეიესის გოლით უპასუხა, რომელმაც მარცხენა ფლანგიდან ვიტოლოს გადაცემა გამოიყენა და ახლო მანძილიდან მეტოქის კარი აიღო.

“ბარსას” ანგარიშში უპირატესობის მიუხედავად ტრადიციულად ტემპი არ შეუნელებია და რაკიტიჩის წამოწყებული იერიში მესიმ გააგრძელა, რომელმაც მოწინააღმდეგის კართან ისევ რაკიტიჩი მოძებნა და ხორვატის დარტყმული კუთხურზე ბეტომ უკუაგდო. “სტანდარტულის” შესრულების მერე, რაფინიამ თავით დაარტყა და ბურთი ზედა ძელს მოხვდა.

მეორე ტაიმის შუაწელში ინიესტა შეცვალეს და კაპიტნის სამკლავური მესიმ გადაიბარა.

“სევილიამ” ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა, როდესაც მარცხნიდან გაკეთებული გადაცემის მერე, მატიემ თავის საჯარიმოში ვიტოლო წააქცია და მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი გამეირომ გამოიყენა.

მესის თავის გამოჩენა კიდევ ერთხელ შეეძლო, მაგრამ არგენტინელის მიერ უძლიერესად დარტყმული ბურთი ბეტომ მოიგერია.

ემერის შეცვლებმა გაუმართლა. ჩირო იმობილე ბურთთან ფაქტობრივად პირველი შეხების მერე, მარჯვენა ფრთაზე ბარტრას გაექცა და უზუსტესი პასი მისცა კონოპლიანკას, რომელმაც თითქმის კარის ხაზიდან კატალონელთა კარის ბადე მეოთხედ შეარხია.

ძირითადი დროის ბოლო წუთზე მესიმ მორიგი “ჯარიმა” დაარტყა და ბურთი გვერდით ძელს შეეხო, ვიდრე პირით ხაზს გადაკვეთდა.

დამატებითი დროის მეორე ტაიმში, მესის მიერ საჯარიმოდან დარტყმული ბურთი ცოცხალ კედელს მოხვდა, არგენტინელის განმეორებითი დარტყმის შემდეგ, ბეტომ ბურთი ახლოს მოიგერია და პედრომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 5:4.

მატჩის მიწურულს ბანეგამ საჯარიმოდან ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც მყოფმა კოკემ თავით კიდევ ერთხელ გათანაბრების შანსი გაუშვა.

ბოლო წუთზე კი, მარჯვნიდან იმობილეს პასის მერე, რამიმ მატჩის პენალტების სერიაში გადაყვანის შანსი გაუშვა.

მას მერე, რაც სუპერთასის გამარჯვებულის გამოსავლენად ერთი მატჩი იმართება, 9 გოლი არასოდეს გასულა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მესი დაასახელეს. “ბარსელონა” უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ დააჯილდოვა. კატალონიელებმა სუპერთასის მოგებისთვის 4 მილიონი ევრო მიიღეს, ხოლო სევილიელებმა – 3 მილიონი.

სუპერთასის არსებობის ისტორიაში ესპანური გუნდები ერთმანეთს მესამედ დაუპირისპირდნენ.

თბილისურ მატჩამდე “ბარსელონას” სუპერთასი 4-ჯერ მოეგო 1992, 1997, 2009 და 2011 წლებში, ხოლო “სევილიას” ერთხელ 2006 წელს და მაშინ, სწორედ კატალონიელებს აჯობა 3:0. აღსანიშნავია, რომ “ბარსამ” სუპერთასისთვის მეცხრედ ითამაშა, რაც რეკორდული მაჩვენებელია და მეხუთედ გაიმარჯვა, რითაც “მილანის” მიღწევა გაიმეორა.

აქამდე, “სევილიას” თავკაც უნაი ემერის მწვრთნელის რანგში (“ალმერია”, “ვალენსია”, “სპარტაკი”, “სევილია”) “ბარსასთან” ზედიზედ 19 მატჩში ვერ გაემარჯვა და ამჯერად, ეს რიცხვი ოცამდე გაიზარდა

საქართველოს დედაქალაქში შეხვედრამდე, სამწვრთნელო კარიერაში მისი და ლუის ენრიკეს გზები ოთხჯერ გადაკვეთილა და ოთხივეჯერ კატალონიელთა თავკაცმა გაიმარჯვა. ენრიკემ ვიზავი მეხუთედაც დაამარცხა.

ლუის ენრიკეს შესაძლებლობა ჰქონდა სუპერთასის ისტორიაში მეოთხე მწვრთნელი გამხდარიყო, რომელსაც ეს ჯილდო როგორც ფეხბურთელსა და მწვრთნელს მოუპოვებია. მანამდე, მსგავსი რამ პეპ გვარდიოლამ, კარლო ანჩელოტიმ და დიეგო სიმეონემ გააკეთეს. “ბარსას” დამრიგებელი ისტორიაში შევიდა.

“ბარსელონას” ბრაზილიელმა მცველმა ალვეშმა კარიერაში სუპერთასი მეოთხედ მოიგო – ერთხელ სევილიელთა მაისურით, 3-ჯერ კატალონიელთა.

ბარსელონა – სევილია 5:4 (3:1) VIDEO

11 აგვისტო. თბილისი. ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენა”. 51940 მაყურებელი.

ბარსელონა: ტერ შტეგენი, პიკე, დანი ალვეში, მასკერანო (პედრო, 93), მატიე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა (კ) (სერხი რობერტო, 63), რაფინია (ბარტრა, 78), სუარესი, მესი.

მთავარი მწვრთნელი: ლუის ენრიკე.

სევილია: ბეტო, ტრემულინასი, რამი, კოკე, კრიხოვიაკი, კრონ-დელი, იბორა (მარიანო, 80), რეიესი (კ) (კონოპლიანკა, 68), ბანეგა, ვიტოლო, გამეირო (იმობილე, 80).

მთავარი მწვრთნელი: უნაი ემერი.

გოლები: 1:0 ბანეგა (3), 1:1 მესი (7), 2:1 მესი (16), 3:1 რაფინია (44), 4:1 სუარესი (52), 4:2 რეიესი (57), 4:3 გამეირო (72), 4:4 კონოპლიანკა (81), 5:4 პედრო (115)

გაფრთხილება: კრიხოვიაკი (14), მატიე (71), კოკე (87), ბანეგა (90+1), იმობილე (92), პედრო (94), ბუსკეტსი (117), კრონდელი (120), ალვეში (120).

მთავარი მსაჯი: უილიამ კოლუმი (შოტლანდია).

0.249137