კალათბურთი

1:25 | 10.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

საბერძნეთმა ბელგიაში მოულოდნელი მარცხი განიცადა

საბერძნეთის საკალათბურთო ნაკრებმა 2015 წლის ევროპის ჩემპიოინატისთვის მოსამზადებელი მატჩების სერია სენსაციური მარცხით გახსნა. ფოტის კაციკარისის მიერ გაწვრთნილი გუნდმა, რომელიც ევრობასკეტ 2015-ზე საქართველოს ერთ-ერთი მეტოქეა, ანტვერპენში ბელგიას ჩააკითხა და “ლოტო არენაზე” 59:64 წააგო.

ბერძნებმა მოედანზე არაერთი ვარსკვლავი გაიყვანეს და ვასილის სპანულისის და იოანის ბურუსისის გარდა, ფაქტობრივად საუკეთესო შემადგენლობა ჰყავდათ, თუმცა, მიზანი ვერაფრით გაისწორეს.

სტუმრებმა 36-დან 14 (39%) ორქულიანი, 10-დან 2 სამქულიანი (20%) და 36-დან 25 (69%) საჯარიმო ჩააგდეს, რასაც შესაშურ მაჩვენებლებს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.

საბერძნეთის ნაკრებმა სასურველ დონეზე მხოლოდ პირველ მეოთხედში ითამაშა, რომელიც 21:12 მოიგო, შემდეგ კი, უპირატესობა მასპინძელთა მხარეს გადავიდა და მათ საკმაოდ მოულოდნელი გამარჯვება იზეიმეს.

ბელგიელებს ყველაზე მეტად “მილუოკი ბაქსში” ზაზა ფაჩულიას ექს-თანაგუნდელი იანის ანტეტოკოუნმპოს შეჩერება გაუჭირდათ, რომლის წინააღმდეგაც ერთბაშად 9-ჯერ დაჯარიმდნენ. საბოლოოდ, იანისმა 15 ქულა ჩააგდო, ნიკოს ზისისმა 10 ქულა მიითვალა, ნბა-ს კიდევ ერთ წარმომადგენელ კოსტა კუფოსს (“საკრამენტო კინგსი”) კი ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა – 9 ქულა, 10 მოხსნა.

“პირველი სპარინგ-მატჩი იყო და ველოდი, რომ რთული ბრძოლა იქნებოდა, თუმცა, წაგება ჩვენს გეგმებში ნამდვილად არ შედიოდა. ნათლად გამოჩნდა, რომ დიდი სამუშაო გვაქვს გასაწევი. ახლა, ნაკრები დაახლოებით 40%-ით არის მზად და დარჩენილი საკონტროლო თამაშები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რათა ევრობასკეტს ფორმის პიკზე შევხვდეთ”, - განაცხადა ბერძენთა თავკაცმა.

კაციკარისის შეგირდებს მორიგი მოსამზადებელი მატჩები თურქეთში ელით. 14 აგვისტოს ბერძნები სტამბოლის აბდი იპეკჩი არენაზე ბოსნია-ჰერცეგოვინას ეთამაშებიან, 15-ში კი ძალებს მასპინძელ თურქეთთან მოსინჯავენ.

ბელგია – საბერძნეთი 64:59 (12:21, 18:9, 11:13, 23:16)

საბერძნეთი: კალატესი (16 წ. 1 ქ.), სლუკასი (21 წ. 7 ქ.), ანტეტოკოუნმპო (18 წ. 15 ქ. 4 მ.), კუფოსი (23 წ. 9 ქ. 10 მ.), პრინტეზისი (18 წ. 2 ქ. 8 მ.); ზისისი (22 წ. 10 ქ.), პერპეროღლუ (18 წ.), კაიმაკოღლუ (11 წ.), იანკოვიცი (9 წ.), პაპანიკოლაუ (9 წ. 5 ქ.), მანცარისი (22 წ. 5 ქ.), სარიკოპულოსი (9 წ. 5 ქ.), აგრავანისი (5 წ.).

მწვრთნელი: ფოტის კაციკარისი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11924