მადრიდის “ატლეტიკომ” მიმდინარე ზაფხულს ფეხბურთელების ტრანსფერებით 75 მილიონი ევრო გამოიმუშავა, თუმცა კიდევ 200 მილიონი ევროს ოდენობის შემოსავალზე უარი თქვა. გამოცემა Marca-მ დაითვალა, რომ საერთო ჯამში 200 მილიონ ევროს შეადგენდა ის წინადადებები, რომელსაც მადრიდელებს ლიდერების სანაცვლოდ სთავაზობდნენ. “ატლეტიკომ” უარით უპასუხა ანტუან გრიზმანის ტრანსფერის თაობაზე პსჟ-ს 60 მილიონიან შეთავაზებას, ასევე არ დათანხმდა ინგლისურ კლუბებს კოკეს (65 მილიონი), დიეგო გოდინისა (40 მილიონი) და იან ობლაკის (35 მილიონი) ტრანსფერებზე. 75 მილიონი კი მადრიდელებმა არდა თურანის, მარიო მანჯუკიჩისა და ტობი ალდერვეირელდის გასხვისებით მიიღეს. ამავდროულად, კლუბმა შეიძინა ჯექსონ მარტინესი, იანიკ ფერეირა-კარასკო და ფილიპე ლუისი.
“ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე გუნდის შემადგენლობას 99 პროცენტით დაკომპლექტებულად მიიჩნევს, თუმცა აღნიშნავს, რომ აგვისტოს დასრულებამდე თავს მშვიდად ვერ იგრძნობს.
“ფეხბურთში აგვისტო ყველაზე საფრთხილო პერიოდია. მუდმივად ყურადღებით უნდა იყო. სანამ სატრანსფერო ფანჯარა გახსნილია, დარწმუნებული ვერაფერში იქნები. იმედი მაქვს, ჩვენთვის გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდება. აგვისტო ყოველთვის მანერვიულებს” – აცხადებს არგენტინელი სპეციალისტი.