ფეხბურთი

12:10 | 7.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა უმრავლესობა ევროპის ლიგას დაემშვიდობა

ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშების პლეი ოფში მხოლოდ ორი ქართველი ფეხბურთელის გუნდი ითამაშებს. ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი სოლომონ კვირკველიას “რუბინმა” და ჯაბა ლიპარტიას “ზარიამ” დასძლიეს.

ყაზანელებს, გრაცის “შტურმთან” სტუმრად მოპოვებულმა გამარჯვებამ (3:2) საშუალება მისცა საკუთარ მოედანზე დაცვიდან ეთამაშათ და სასურველი შედეგისთვის მიეღწიათ. საპასუხო შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა, კვირკველიამ კი სრულად ითამაშა და ჩვეულად დამაჯერებელი იყო “რუბინის” დაცვის ხაზში.

სათადარიგოთა სკამიდან ადევნა თვალი საკუთარი გუნდის წარმატებას “შარლერუასთან” ჯაბა ლიპარტიამ. ლუგანსკელებმა კიევში გამართულ შეხვედრაში ბელგიურ კლუბს 3:0 მოუგეს, ორი მატჩის ჯამში 5:0 იმარჯვეს და მომდევნო ეტაპზე იასპარეზებენ.

მაკედონიური “რაბოტნიჩკის” ბარიერი ვერ გადალახა შოთა არველაძის გაწვრთნილმა “ტრაბზონსფორმა”. თურქულმა გუნდმა, სტუმრად 0:1 მარცხის შემდეგ, შინ გამართული მატჩის ძირითად დროში მეტოქეს მხოლოდ ერთი ბურთი გაუტანა, დამატებით დროში კი საკუთარ კარში გაუშვა – 1:1, ორი მატჩის ჯამში 2:1 მაკედონიელთა სასარგებლოდ.

იოლად აჯობა ჰოლანდიურ “ვიტესს” ინგლისურმა “საუთჰემპტონმა”. გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის გუნდი სტუმრად 0:3 დამარცხდა, საკუთარ მოედანზე კი 0:2. ქართველმა ფეხბურთელებმა სრულად ითამაშეს.

ასევე 90 წუთი ითამაშა დანიური “ბრონდბიუს” წინააღმდეგ კვიპროსის “ომონიას” ქართველმა მცველმა უჩა ლობჟანიძემ, რომლის გუნდიც სტუმრად გამართული მატჩის (0:0) მსგავსად, შინაც ფრეს (2:2) გამორჩა, თუმცა სტუმრად გატანილი გოლების უპირატესობით ევროპის ლიგის პლეი ოფის საგზური დანიელებმა მოიპოვეს.

ტურნირს გამოეთიშა ევროპის ლიგაში მოესპარეზეთაგან ქართველთა სიმრავლით გამორჩეული ბაქოს “ინტერიც”. ზაურ სვანაძის შეგირდებმა, ერთი კვირის წინ ბილბაოს “ატლეტიკთან” 0:2 წაგების შემდეგ, საპასუხო თამაში უგოლოდ დაასრულეს - 0:0. ქართველთაგან შეუცვლელად ითამაშეს ზურაბ ხიზანიშვილმა, ნიკა კვეკვესკირმა და ლაშა კასრაძემ, ხოლო გიორგი ლომაია სათადარიგო იყო.

აქვე საინტერესოა, რომ ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ქართულ კლუბთა მძლეველთაგან, პლეი ოფში ასპარეზობას მხოლოდ აზერბაიჯანული “გაბალა” განაგრძობს, რომელმაც ტურნირის პირველ საკვალიფიკაციოზე თბილისის “დინამოს” აჯობა. “გაბალამ” მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსული “აპოლონის” ბარიერი გადალახა (სტუმრად 1:1, შინ 1:0), რაც ამ კლუბისთვის ისტორიული შედეგია.

ევროპის ლიგის პლეი ოფის კენჭისყრა დღეს გაიმართება.

0.1182