კალათბურთი

11:00 | 5.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ბაბილოძე - ბაზილეს, იასაიტისის, ილიევსკის პარტნიორი

საქართველოს 18 წლამდე ნაკრების მსროლელმა ლევან ბაბილოძემ (196 სმ) იტალიის საკალათბურთო სერია A-ს წარმომადგენელ UPEA CAPO D’ORLANDO-სთან („ორლანდინა ბასკეტი“) გააფორმა კონტრაქტი. ეს კლუბი 1978 წელსაა დაფუძნებული, საშინაო მატჩებს სიცილიის ქალაქ კაპო დ'ორლანდოს 3600 მაყურებლის ტევადობის პალაფანტოცის არენაზე ატარებს. გუნდი აპენინელთა სერია A-ს 2013-14 წლების სეზონის შემდეგ დაუბრუნდა, მომავალ ჩემპიონატში კი სამხრეთელ კუნძულელთა რიგებში ისეთი საქვეყნოდ აღიარებული კალათბურთელები იასპარეზებენ, როგორებიც იტალიელი ჯანლუკა ბაზილე, ლიტველი სიმას იასაიტისი, მაკედონიელი ვლადო ილიევსკი (eurobasket.com-ის ცნობით) არიან. ლევანი ორლანდოელთა 18 წლამდე და ძირითადი გუნდების ღირსებას დაიცავს.

ლევან ბაბილოძე 1998 წლის 4 ივლისს ბათუმში დაიბადა. იტალიაში თამაში “ტიგულიოს” აკადემიაში დაიწყო სადაც გასული წლის დეკემბერში მოხვდა. ლევანმა ამ აკადემიის სახელით წარმომადგენლობით ტურნირში, Armani Jeans-ის შეჯიბრებაზე იასპარეზა და იქ გამოსვლისას მიიქცია “კაზალე მონფერატოს” ყურადღება. კაზალელთა 17 წლამდელ გუნდთან ერთად ბაბილოძემ ცნობილ ტურნირ Jit lissone internacionalle torneo-ში მიიღო მონაწილეობა. ლევანმა გუნდის ხელმძღვანელებზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა და კლუბმაც ქართველთან ოფიციალური ხელშეკრულება გააფორმა. ცოტა ხნის წინ კი ბაბილოძემ მონფერატოელებთან კონტრაქტი გაწყვიტა და კარიერას „ორლანდინა ბასკეტში“ გააგრძელებს.

0.114202