ხაბაროვსკის “სკა-ენერგიას” მარჯვენა მცველმა კახა ალადაშვილმა თავი რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის მე-5 ტურში გამოიჩინა.
ხაბაროვსკში ნოვოსიბირსკის “სიბირთან” 1:1 დასრულებული მატჩის მე-15 წუთზე ანგარიში ალადაშვილმა გახსნა. მან მოედანზე ორი ტაიმი დაჰყო. მიმდინარე სეზონში 31 წლის ფეხბურთელმა პირველი გოლი გაიტანა. რუსეთის მოქალაქე ფორვარდი ლაშა იმედაშვილი თადარიგში იყო, მაგრამ არ უთამაშია. “სკა-ენერგიას” 3 ქულა აქვს და 20 გუნდში მე-17 ადგილზეა.
ტომსკის “ტომმა” ტულის “არსენალი” მიიღო და 1:3 წააგო. მასპინძლებში თავდამსხმელი ანზორ სანაია, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, თამაშში 54-ე წუთიდან ჩაერთო. “ტომსკს” 9 ქულა აქვს და მეშვიდეა.
იაროსლავლის “შინიკმა” “ბაიკალი” მიიღო და 1:0 გაიმარჯვა. ფორვარდი ედუარდ ბულია იაროსლაველთა რიგებში შეცვლაზე 67-ე წუთზე შევიდა, ხოლო “ბაიკალის” თავდამსხმელმა დიმიტრი კორტავამ 90 წუთი იასპარეზა. ორივეს რუსული პასპორტი აქვს. “შინიკი” 7 ქულით მეცამეტეა, უქულოდ მყოფი “ბაიკალი” კი, ბოლოსწინაა.
კრასნოიარსკის “ენისეიმ” შინ მოსკოვის “სპარტაკი 2”-თან 0:4 წააგო. მეკარე გიორგი შელიამ კრასნოარსკელებში 90 წუთი ითამაშა, ხოლო შემტევი ნახევარმცველი გიორგი მელქაძე “სპარტაკი 2”-ში 57-ე წუთზე გამოჩნდა. ორივე წარმოშობით ქართველი და რუსეთის მოქალაქეა.
არმავირის “ტორპედომ” შინ ტიხვინის “ტოსნოს” ვერ მოუგო – 0:0. არმავირელებში ნახევარმცველმა ირაკლი ჭეჟიამ სრულად იასპარეზა. მის მსგავსად, ნახევარმცველები ირაკლი გეფერიძე და დავით ხურციძეც სასტარტოში იყვნენ. პირველი 54-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მეორემ ორი ყვითელი ბარათი მიიღო და 83-ე წუთზე გააძევეს. ნახევარმცველი ნიკა ფილიევი ამავე ამპლუის ლევან ჯღარკავამ შეცვალა. ჩამოთვლილი ფეხბურთელები რუსეთის მოქალაქეები არიან. “ტორპედო” 5 ქულით მეთოთხმეტეა.