გერმანიის ქალაქ ჰამბურგში გამართული “German Open”-ი 14-გზის დიდი სლემის ჩემპიონის, ესპანელი რაფაელ ნადალის გამარჯვებით დასრულდა.
რაფაელმა ტურნირის ფინალში იტალიელ ფაბიო ფონინის 7:5, 7:5 მოუგო. შეხვედრა 2 საათსა და 35 წუთს გაგრძელდა. მალიორკელმა 1 ეისი ჩააწოდა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა, იტალიელს ორი ორმაგი შეცდომა ჰქონდა და ვერც ერთი ეისის ჩაწოდება ვერ მოახერხა. რაფაელმა 7 ბრეიკი შეასრულა, ხოლო ფონინიმ – 5.
ნადალმა კარიერაში ერთეულთა თანრიგში 67-ე ტიტული მოიგო, ხოლო “German Open”-ის ტურნირის მოგება მეორედ მოახერხა (2008, 2015). რაფამ თიხის კორტებზე 47-ე ტიტული დაისაკუთრა.
ესპანელმა ჰამბურგის ტურნირის მოგებით 500 სარეიტინგო ქულა და 311 775 ევრო გამოიმუშავა.