საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში მორიგ მეტოქე უნგრეთთან დაძაბულ ბრძოლაში წააგო. მატჩი 5-8 ადგილებისთვის იმართებოდა, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და გია კაზანჯიანის გუნდმა 5 ქულით - 70:75 წააგო.
მატჩის მსვლელობისას ლიდერი 7-ჯერ შეიცვალა და ამდენჯერვე დაფიქსირდა თანაბარი ანგარიში. ერთი სიტყვით, შეხვედრა დაძაბული გამოდგა, რომელშიც ბოლოს ქართველებს არ გაუმართლათ.
მართალია, მატჩის უმეტესი დრო - 28 წუთი უნგრელები იგებდნენ, თუმც ისეთი სხვაობით, რომელიც არაფერს ნიშნავს და თუკი ოდნავ მოუმატებ, ლიდერობასაც დაეპატრონები.
სწორედ ეს მოახერხა საქართველოს ნაკრებმა, რომელიც ბოლო მეოთხედის მე-4 წუთზე 55:54 დაწინაურდა. შემდეგ ფრე - 59:59 დაფიქსირდა და უნგრელებმაც ამ მომენტში იძალეს. მომდევნო მონაკვეთი 9:0 მოიგეს და მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე 68:59 დაწინაურდნენ.
დარჩენილ დროში ქართველებმა ჩამორჩენის 3 ქულამდე შემცირება მოახერხეს, თუმცა საბოლოოდ 5 ქულით დამარცხდნენ. საქართველოს ნაკრებში 22 ქულითა და 12 მოხსნით საუკეთესო იყო ლადო ფურცხვანიძე, 13 ქულა დააგროვა გიორგი ცირიკიძემ, ხოლო ლევან გოგალაძის ანგარიშზე 11 ქულა და 7 მოხსნა გახლდათ.
დღეს, საქართველოს ნაკრები მე-7 ადგილისთვის მატჩში ინგლისს გაეჯიბრება.
ევროპის U18 ჩემპიონატი. ობერვარტი. ავსტრია. 1 აგვისტო
უნგრეთი 75:70 საქართველო (18:17, 20:15, 14:16, 23:22)
სრული სტატისტიკა: 75:70
www.gbf.ge