ფეხბურთი

1:14 | 2.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ვოლფსბურგი" გერმანიის სუპერთასს პირველად დაეუფლა

გერმანიაში 2015/2016 წლების სეზონის პირველი მნიშვნელოვანი შეხვედრა “ვოლსვაგენ არენაზე” შედგა, სადაც ერთმანეთს გასული სეზონის ტრიუმფატორები “ვოლფსბურგი” (თასის გამარჯვებული) და “ბაიერნი” (ჩემპიონატის გამარჯვებული) გერმანიის სუპერთასის მოსაპოვებლად დაუპირისპირდნენ.

აღსანიშნავია, რომ “მგლების” რიგებში პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა მაქს კრუზემ, რომელიც შეცვლაზე 70-ე წუთზე შემოვიდა, ხოლო სტუმართა რიგებში ორ ახალწვეულს ჰქონდა დებიუტი. დუგლას კოშტამ 90 წუთი გაატარა მინდორზე, არტურო ვიდალმა კი ბოლო 15 წუთი ითამაშა.

პირველი რეალური საგოლე მომენტი მიუნხენელებს შეექმნათ, მე-8 წუთზე ჟერომ ბოატენგის მიერ ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი კასტელსის კარის ხარიხამ მოიგერია. მე-13 წუთზე საპასუხო ეპიზოდი ვეირინიას შეექმნა, თუმცა მიზანმა უმტყუნა. “მგლებს” გოლის გატანის 100%-იანი შანსი 42-ე წუთზე შეექმნათ, როდესაც მანუელ ნოიერი გამოსვლისას უხეშად შეცდა და კევინ დე ბრუინი ცარიელ კართან დატოვა, თუმცა ბელგიელმა ნაჩუქარი მომენტი ქარს გაატანა.

მეორე ნახევარი მიუნხენელებმა აქტიურად დაიწყეს და 49-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა. მარცხენა ფლანგი დუგლას კოშტამ გაარღვია და მეკარის საჯარიმოში ჩააწოდა, კასტელსმა ბურთი კარგად ვერ შეიმაგრა და კარის სიახლოვეს მყოფ არიენ რობენს მიუვიდა, რომელმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა და მოედანზე დაბრუნება გატანილი გოლით აღნიშნა. “მგლებს” გათანაბრება 57-ე წუთზე შეეძლოთ, მაგრამ ბას დოსტმა ნოიერს ვერ აჯობა. მანუელმა კარგად ითამაშა 80-წუთზე, როდესაც ვეირინიას შორეული დარტყმა უკუაგდო. “ვოლფსბურგმა” გოლის გატანა მაინც მოახერხა, 89-ე წუთზე მარჯვენა ფლანგზე კარგად ითამაშა დე ბრუინმა და მეკარის საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველას შეცვლაზე შემოსულმა ნიკლას ბენდტნერმა დაასწრო და წონასწრობა აღადგინა. სუპერთასის მფლობელი პენალტების სერიას უნდა გაერკვია.

საფეხბურთო ლატარეაში უფრო ძლიერი “ვოლფსბურგი” აღმოჩნდა. “მგლებმა” ყველა პენალტი ზუსტად შეასრულეს, ხოლო მიუნხენელთაგან ხაბი ალონსომ ვერ ივარგა, რომელმაც კასტელს ვერ აჯობა – 5:4.

“ვოლფსბურგი” არსებობის განმალობაში პირველად გახდა გერმანიის სუპერთასის მფლობელი.

ვოლფსბურგი – ბაიერნი 1:1 (0:0) პენ: 5:4

ვოლფსბურგი, “ვოლკსვაგენ არენა”

ვოლფსბურგი (4-2-3-1):
კასტელსი, ნალდო, კლოზე, ვეირინია, როდრიგესი, არნოლდი, გუილავოგი, დე ბრუინი, კალიჯური (შურლე 63), პერიშიჩი (კრუზე 70), დოსტი (ბენდტნერი 70).
მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი, ბოატენგი, ბენატია, ლამი, ალაბა, ალონსო, ალკანტარა (ვიდალი 74), მიულერი (გიოტცე 84), კოშტა, რობენი, ლევანდოვსკი (რაფინია 72).
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

გოლები: 0:1 რობენი (49), 1:1 ბენდტნერი (89)
გაფრთხილებები: გუილავოგი, ნალდო, პერიშიჩი – კოსტა, ვიდალი
მსაჯი: მ.ფრიცი
პენალტები: 0:1 ვიდალი, 1:1 როდრიგესი, 1:1 ალონსო (მეკარე), 2:1 დე ბრუინი, 2:2 რობენი, 3:2 შურლე, 3:3 ლამი, 4:3 კრუზე, 4:4 კოსტა, 5:4 ბენდტნერი.

0.158501